Wednesday, October 6, 2010

პრეს–რელიზი


2010 წლის 7 ოქტომბერს 11:00 საათზე, ქუთაისში,
საქართველოს კონტროლის პალატის ოფისში


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და გამართავენ ბრიფინგს


საქართველოს კონტროლის პალატა გამოდის ახალი ინიციატივით და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტთათვის 2010/2011 სასწავლო წელს წარმართავს სალექციო კურსს "საჯარო სექტორის აუდიტში".

მიზანი: რეფორმების შედეგად საქართველოს კონტროლის პალატაში უკვე დაგროვდა სტუდენტებისათვის გადასაცემად საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საჯარო სექტორის მართვისა და აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის სფეროში.

საქართველოს კონტროლის პალატა, მისი თითოეული თანამშრომელი თავს ვალდებულად თვლის საკუთარი წვლილი შეიტანოს განათლების განვითარებასა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები სალექციო კურსს წარუძღვებიან ყოველგვარი ანაზღაურებისა თუ სხვა დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების გარეშე.

სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: "საჯარო ფინანსების მართვა და საბიუჯეტო სისტემა"; "საჯარო და კერძო სამართლის შესავალი"; "თანამონაწილეობითი დემოკრატია და საბიუჯეტო პროცესი"; "კონტროლის პალატა და საჯარო ფინანსების აუდიტი"; "მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება"; "საჯარო ფინანსების აღრიცხვა"; "აუდიტის საფუძვლები"; "ეფექტიანობის აუდიტი".

სალექციო კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. შესაძლებელია წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს კონტროლის პალატამ შესთავაზოს თანამშრომლობა.

მოსალოდნელი შედეგი: წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოს ისტორიაში პირველად "საჯარო სექტორის აუდიტის" სამაგისტრო პროგრამის შექმნა. პროგრამა დაინერგება არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ რეგიონულ ადმინისტრაციულ ცენტრში და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დაეუფლონ პერსპექტივაში კონკურენტუნარიან პროფესიას.

ადმინისტრაციული საკითხები: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ("ბიზნესის ადმინისტრირების", ფინანსები, "საბანკო და სადაზღვევო საქმის" და "მარკეტინგის" სპეციალობების) სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დაესწრონ ლექციებს, რეგისტრაციის გავლა 11 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს კონტროლის პალატაში.

სალექციო კურსი დაიწყება 12 ოქტომბერს. ლექციები ჩატარდება ყოველკვირეულად, კვირაში 3 დღე (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი); ლექციის ხანგრძლივობა - 1 საათი, დასაწყისი 12:00 სთ.

შენიშვნა მედიისთვის: იმის გათვალისწინებით, რომ ბრიფინგი არ წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში, მემორანდუმთან ან ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და შევეცდებით ეს საკითხები მოვიცვათ ბრიფინგისას.

ღონისძიების ადგილი: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N22. საქართველოს კონტროლის პალატა
დასაწყისი: 11:00 საათი

საკონტაქტო პირი: გიორგი ჯაფარიძე
ტელეფონი: 895 23 03 00

ელ.ფოსტა: giorgi.japaridze.ccg@gmail.com
giorgi_japaridze@yahoo.com

No comments:

Post a Comment