Thursday, December 29, 2011

წლის შემაჯამებელი შეხვედრა


2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ საქმიანობა წარმართა დასახული გეგმების შესაბამისად. შემოწმდა ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებიც აუდიტის გეგმების სახით საზოგადოებას წინასწარ ეცნობა წლის დაწყებამდე.

2011 წელი კონტროლის პალატისათვის მნიშვნელოვანი იყო როგორც დაკისრებული ფუნქციების შესრულების, ასევე ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით.

საქართველოს კონტროლის პალატამ 2011 წელს ჩაატარა 120-ზე მეტი აუდიტი. შემოწმდა 3.5 მილიარდ ლარზე მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგად, ბიუჯეტის დაზოგვასა და შემოსავლების მატებაში კონტროლის პალატის წვლილმა40 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გასულ 2011 წელს შემოწმებული სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და პროგრამებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი პროექტები:

  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომელმაც მოიცვა:
      დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები
    • ტუბერკულიოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
  • ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელმაც მოიცვა:
      საქართველოს საჯარო სკოლები;
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ჰოსპიტალური სექტორი:
    • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
    • აკ. ო. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
  • სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია:
    • შიდა ქართლის რეგიონი
    • კახეთის რეგიონი

აღნიშნულის გარდა, გასულ 2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ განახორციელა სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები:

  • ფინანსური აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიაში გადამზადა კონტროლის პალატის ყველა აუდიტორი
  • შემუშავდა და დამტკიცდა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო
  • უწყებაში დაინერგა ხარისხის კონტოლის სისტემა
  • ამოქმედდა საინფორმაციო-ტექნოლოგიების ახალი სისტემა
  • საქართველოს რეგიონებში 3 სხვადასხვა უნივერსიტეტთან დაიწყო თანამშრომლობა სტუდენტთა და მაგისტრანტთა სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაღრმავდა კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობები, რაც ხელს უწყობს საქართველოში საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას:

  • საფუძველი ჩაეყარა ორმხრივ თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა პოლონეთის, ჩეხეთისა და ლიტვის სახელმწიფო აუდიტორული ორგანოები.
  • კონტროლის პალატამ თანამშრომლობა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ანგარიშვალდებულების სამსახურის ექსპერტებთან.
  • აუდიტის უმაღლესი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ეგიდით საქართველოს კონტროლის პალატამ პირველად უმასპინძლა აუდიტის კომიტეტის სხდომას, რომელსაც 15 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრადიციულად, საქართველოს კონტროლის პალატამ 2012 წლის აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, განაახლა საჯარო ინტერესთა ნუსხა და განსაზღვრა 10 პრიორიტეტული სფერო, რომელსაც უწყება შეამოწმებს 2012 წლის განმავლობაში.

წლის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ პალატის წლის საუკეთესო აუდიტორები და დასახელდა პალატის წლის საუკეთესო დეპარტამენტი.

Wednesday, December 28, 2011

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა - 2012


შესავალი და განმარტებები
ნუსხაში შეტანილი პროგრამა თუ ღონისძიება არის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის არეალში. პროგრამისა თუ ღონისძიების ნუსხაში შეტანით საქართველოს კონტროლის პალატა საჯაროდ აცხადებს, რომ ღონისძიებას, პროგრამას, მის განმახორციელებელ სუბიექტს თუ მთლიანად სისტემას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

პროგრამისა თუ ღონისძიების განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში შეტანა განხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად და ობიექტურად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის, აუდიტის შედეგების) საფუძველზე.

წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით (დასაწყისისთვის 2 წელიწადში ერთხელ) საქართველოს კონტროლის პალატა მოახდენს განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხის გადახედვა -განახლებას, რაც ნიშნავს არა მხოლოდ პროგრამისა თუ ღონისძიების ნუსხიდან ამოღებას, არამედ ნუსხაში ახლის დამატებასაც.

ახალი რეალობების გათვალისწინებით, საჭიროების შესაბამისად, მოხდება არა მხოლოდ ნუსხის, არამედ კრიტერიუმების განახლებაც, რაც ნიშნავს, რომ კრიტერიუმის რაიმე პარამეტრის ცვლილებას ან ახალი კრიტერიუმის შემუშავებას. განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში პროგრამისა თუ ღონისძიების შეტანა უპირობოდ არ ნიშნავს, რომ იგი ან მაღალი რისკისაა ან არსებობს დარღვევები.

ნუსხაში შესაძლებელია მოხვდეს პროგრამა, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესისა და საჯარო დებატების საგანია. განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში პროგრამა თუ ღონისძიება შესაძლებელია მოხვდეს არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმის შესაბამისად.

იხ. ვრცლად: PDF ვერსია

2012 წლის 10 პრიორიტეტი


უკვე მესამე წელია საქართველოს კონტროლის პალატა აგრძელებს ტრადიციას და აქვეყნებს საჯარო ინტერესთა ნუსხას და იმ 10 პრიორიტეტულ სფეროს, რომელსაც კონტროლის პალატა შეისწავლის მომდევნო, 2012 წლის განმავლობაში.
საჯარო ინტერესთა ნუსხა არის იმ მიმართულებათა ჩამონათვალი, რომელიც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის საგანსწარმოადგენს, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აუდიტორული და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებით.
იხ. ვრცლად: PDF ვერსია
იხ. ტელესიუჟეტები

Monday, December 19, 2011

საქართველოს კონტროლის პალატაში დასრულდა კანდიდატების პირველადი შერჩევის ეტაპი

საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაასრულა აპლიკანტთა პირველადი შერჩევის ეტაპი, რომელიც მოიცავდა ყველა მიღებული განაცხადის განხილვასა და შერჩევას გამოცხადებული ვაკანსიების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს 19 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით დაუკავშირდება კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების სამსახური და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება იმ სა- კომუნიკაციო საშუალებებით, რომლებიც მითითებულია განაცხადში.

იმ კანდიდატებზე, რომელთაც არ დაუკავშირდებიან 23 დეკემბრის 18.30 საათამდე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყურადღება არ შეჩერდა. თქვენი თანხმობით, კონტროლის პალატა პერსონალის ბაზაში განათავსებს თქვენს CV-ებს და საჭიროების შემთხვევაში, დაგიკავშირდებიან.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. პროფესიული ცოდნის შემოწმება;
2. კონტროლის პალატის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, კონტროლის პალატის როლის, მანდატის, მისიისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ცოდნის დონის შემოწმება (აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონტროლის პალატის ვებგვერდზე www.control.ge);
3. უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმება.
გმადლობთ.

Monday, December 12, 2011

ეფექტიანობის აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ. შვედი სტუმრები პალატაში ეფექტიანობის აუდიტის შესახებ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

SNAO-ს წარმომადგენლების სტუმრობა კონტროლის პალატაში 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Monday, November 28, 2011

ლიტვის დელეგაცია პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურის დელეგაცია თავმჯდომარის, გიედრე სვედიენეს მეთაურობით.

ვიზიტის მიზანია კონტროლის პალტასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცება; ლიტვური გამოცდილების გაზიარება და აუდიტის დასავლური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა კონტროლის პალატაში.

16:00 სთ-ზე გიედრე სვედიენე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, სადაც ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ოფისისა და პარლამენტის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ლიტვის დელეგაცია კონტროლის პალატაში ფინანსთა სამინისტროში ჩასატარებელი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის შესახებ პრაქტიკული ტრენინგების გამართავს. ლიტველი სტუმრები ქართველ კოლეგებს ასევე, გაუწევენ კონსულტაციებს, რეკომენდაციებსა და სხვა ექსპერტულ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით:

  • დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე;
  • დასკვნა ფინანსური ანგარიშგებების პაკეტზე და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, მათ შორის შემოსავლების აუდიტის ჩათვლით;
  • დასკვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ანგარიშზე;
  • ინფორმაციული სისტემების აუდიტი.

აღნიშნულ ღონისძიებას საფუძვლად უდევს საქართველოს კონტროლის პალატასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის 2011 წლის სექტემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

იხ. ტელესიუჟეტები

ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი


28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართება ტრეინინგი ეფექტიანობის აუდიტში. ტრეინინგი ჩატარდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის “საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ ხელშეწყობით. ტრეინინგების ფარგლებში სემინარებს ჩაატარებენ გერმანიისა და მაკედონიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისების ექსპერტები: იენს გიუზე, იენს ჰერმან ტროინერი და ივან იგნატოვი.

საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს კონტროლის პალატა ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებას 2012 წლიდან დაიწყებს.

2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატაში შემუშავებულ იქნა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ეფექტიანობის რამოდენიმე საპილოტე აუდიტი.

ეფექტიანობის აუდიტი წარმოადგენს თანამედროვე, სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას და მნიშვნელოვანწილად აფართოვებს კონტროლის პალატის აუდიტის მასშტაბს. ბიუჯეტის მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით ეფექტიანობის აუდიტი ახლებურ მიდგომას გულისხმობს და მოიცავს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას. ეფექტიანობის აუდიტი იძლევა შესაძლებელია კანონიერად თუმცა არასწორად და არაეფექტიანად გამოყენებული სახსრების გამოვლენის საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს არანაკლებ ზარალს მიაყენებს.

ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს შეუწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას.

იხ. ტელესიუჟეტები

Thursday, November 24, 2011

გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად


გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატამ შეხვედრა მოუწყო ქუთაისის „ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს, სადაც ოჯახებად ცხოვრობენ ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.

შეხვედრაზე „ბავშვთა სოფელის” აღსაზრდელებმა კონტროლის პალატის ოფისი დაათვალიერეს და მის საქმიანობას გაეცნენ. მოსწავლეებს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა თარხნიშვილი და სხვა თანამშრომლები შეხვდნენ. მიღების შემდეგ მოეწყო საზეიმო ვახშამი.

„ბავშვთა სოფელი” მცირე საოჯახო ტიპის სახლებისგან შემდგარი გაერთიანებაა. ის არის საერთაშორისო ორგანიზაცია - SOS Kinder Dorf Internacional–ის წევრი და მის მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 1989 წელს დაფუძნდა, ხოლო ქ. ქუთაისში 2002 წლიდან ფუნქციონირებს.

იხ. ტელესიუჟეტები

აუდიტის შედეგები

საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაატარა ტუბერკულოზის მკურნალობის (ფთიზიატრიის) სახელმწიფო პროგრამის აუდიტი. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამას მართავს სახელმწიფო საწარმო - ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები, კერძოდ:

1. ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტებით მოსამარაგებლად, პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან.

ცენტრის ფინანსური დირექტორის ხელშეწყობით, აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულებებს უფორმებდნენ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში, ისე, რომ ეს კომპანიები ამ დროისთვის და შემდგომ პერიოდში სხვა რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.

2008-2011 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შესყიდვების 31%-ს აჭარბებს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებულთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად. ქირურგიული ოპერაციის ღირებულების 62% შეადგენს სამედიცინო მასალებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილია 4 174 ლარად. აღნიშნული მასალების რეალური ღირებულება კი არ აღემატება 1200 ლარს.

აუდიტით დადგინდა, რომ 2008-2011 წლებში აღნიშნული სამედიცინო მასალები გამოყენებულ იქნა ოპერაციების მხოლოდ 20%-ში. აღნიშნულის მიუხედავად, ძვირადღირებული სამედიცინო მასალის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულია ყველა ოპერაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ სამედიცინო მასალებს ცენტრი ყიდულობს ამავე ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელისაგან.ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 1 122 404 ლარი.

3. ტუბდისპანსერებში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების განთავსების საწოლდღეების ხელოვნურად გაზრდის შედეგად, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 99 400 ლარი.

ემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 357 759 ლარი.

აუდიტის მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მათ საფუძველზე გაატარებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

იხ. ვიდეო მასალა

Monday, November 21, 2011

შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაცია ეწვია. შვედი კოლეგების სტუმრობის მიზანია პალატის თანამშრომლებისთვის ფინანსური აუდიტის შესახებ სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.

დელეგაციის სტუმრობას საფუძვლად უდევს 2010 წელს პალატასა და SNAO-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღნიშნული სემინარები და სამუშაო შეხვედრები 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

Wednesday, November 16, 2011

შიდა და გარე კომუნიკაციები


საქართველოს კონტროლის პალატას ეწვივნენ შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) წარმომადგენლები. შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში შიდა და გარე კომუნიკაციების შესახებ სემინარებს გამართავენ.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის - ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის" - ფარგლებში იმართება. SNAO-ს წარმომადგენლების სტუმრობა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

Wednesday, November 9, 2011

ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტი


საქართველოს კონტროლის პალატას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დელეგაცია თავმჯდომარის, ფრანტიშეკ დოჰნალის მეთაურობით.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია ჩეხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოსა და კონტროლის პალატის ერთწლიანი თანამშრომლობის შემაჯამებელი შეხვედრის გამართვა, ასევე, საჯარო სექტორის მართვის ჩეხური გამოცდილებისა და აუდიტის დასავლური სტანდარტების გაზიარება.

2010 წლიდან ჩეხი კოლეგები ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს ატარებდნენ. შეხვედრების მიზანი კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება იყო.

შეხვედრის შემდეგ ფრანტიშეკ დონალი ქ. რუსთავში იუსტიციის სახლს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოინახულებს.

თანამშრომლობის შედეგების პრეზენტაცია კი ხვალ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 10:30 სთ-ზე გაიმართება.

აღნიშნული თანამშრომლობა UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

იხ. ტელესიუჟეტები

გერმანული გამოცდილების გაზიარება


17-22 ოქტომბერს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებისა და საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელთა დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში.

ვიზიტის მიზანი იყო გერმანიის საანგარიშო პალატის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო და აუდიტის კომიტეტებში, აგრეთვე ფედერალური საანგარიშო პალატის ბერლინის ბიუროსა და ჰამბურგის ფედერალური საანგარიშო პალატის აუდიტის სამმართველოში, საანგარიშო პალატასა და საფინანსო სამსახურში. შეხვედრებისას განხილულ იქნა შემდეგი თემები: ბიუჯეტის კონტროლი საანგარიშო პალატისა და პარლამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, დამოუკიდებელი კონტროლის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და ინსტიტუციონალური პროცედურები, საანგარიშო პალატის მონაწილეობა საბიუჯეტო ციკლის სხვადასხვა ფაზაში, პროგრამული ბიუჯეტის რეფორმა და მისი დანერგვა, საანგარიშო პალატის როლი აღნიშნულ რეფორმებში.

Friday, October 28, 2011

საკანონმდებლო ცვლილებები


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი.

კანონპროექტის მნიშვნელოვანი სიახლეებია:

კონტროლის პალატის სისტემაში იქმნება სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, რომელიც შესთავაზებს კომერციულ აუდიტს სამთავრობო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს;

ასევე განახორციელებს ექსპერტულ და კვლევით-ანალიტიკურ მომსახურებას.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ფუნქცია იქნება გარე და შიდა აუდიტორთა სერტიფიცირება.

პროექტით კონტროლის პალატა უფლებამოსილია მოიწვიოს და თავის საქმიანობაში გამოიყენოს სხვა წამყვანი აუდიტორული კომპანიების მომსახურება, ასევე აუდიტორებს ექნებათ დიფერენცირებული ხელფასები, რომელიც კერძო აუდიტორულ კომპანიებში არსებული სახელფასო განაკვეთების შესაბამისი იქნება.

იხ. ტელესიუჟეტები

Tuesday, October 25, 2011

ხარისხის კონტროლი


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) ექსპერტი იან ოკე ნილსონი ეწვია. შვედი ექსპერტი კონტროლის პალატის თანამშრომლებთან ხარისხის კონტროლის შესახებ სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები პროექტის - ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის" - ფარგლებში იმართება და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Wednesday, October 19, 2011

აუდიტის შედეგები


საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაატარა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის 2007-2009 წლების აუდიტი.

აუდიტით გამოვლინდა პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დარღვევები:

1. წლების მანძილზე პროგრამის ბიუჯეტი იგეგმებოდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებების შესწავლისა და ხარჯების გაანგარიშების გარეშე, რის გამოც მათი დიდი ნაწილი განიცდიდა მწვავე დეფიციტს, ხოლო პროგრამის რიგ კომპონენტებში რჩებოდა დიდი ოდენობით აუთვისებელი თანხები. 2007-2009 წლებში აუთვისებელი დარჩა 2.5 მილიონი ლარი, რაც საკმარისი იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

2. პროგრამის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი მოითხოვდა მოქალაქის თანამონაწილეობას 9 000 ლარის ოდენობით, რის გამოც სოციალურად დაუცველი ოჯახები ფაქტობრივად გამოირიცხნენ პროგრამიდან.

3. მოქალაქეთა პროგრამაში ჩართვის მექანიზმები არ შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს და არ არსებობდა მომსახურების სტანდარტები, შესაბამისად, იგი არ იყო ორიენტირებული ინდივიდზე, რაც უარყოფითად აისახებოდა მომსახურების ხარისხზე. არ არსებობდა ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რაც აფერხებდა პროგრამის მართვას.

საქართველოს კონტროლის პალატამ სათანადო რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება პროგრამის მიზნების მისაღწევად.

იხ. ტელესიუჟეტები

Tuesday, October 11, 2011

მრგვალი მაგიდა გერმანულ სახლში


გერმანულ სახლში საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „დამოუკიდებელი გარე საფინანსო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები“.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილულ იქნა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი კონტროლის პალატის მანდატის განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძვლების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISSAI) ჰარმონიზების მიზნით.

აღნიშნულ კანონპროექტზე ექსპერტული მოსაზრება წარმოადგინა გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის რეფერატის ხელმძღვანელმა მათიას მერინგმა.

მრგვალი მაგიდა ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ - ხელშეწყობით.

იხ. ტელესიუჟეტები

Sunday, October 9, 2011

სასერტიფიკაციო გამოცდა


საქართველოს კონტროლის პალატაში აუდიტორთა გამოცდები დაიწყო, რითაც ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ტრენინგი დასრულდა.

ტრენინგს მსოფლიოს უდიდესი აუდიტორული კომპანიების, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთი წევრი კომპანიის, „დელოიტის“ წარმომადგენლები ატარებენდნენ და იგი აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიას ეხებოდა.

აუდიტორებმა დეტალურად შეისწავლეს ფინანსური აუდიტის ეტაპები - აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცედურები, რაც მათ საშუალებას მისცემთ, პრაქტიკაში ეფექტიანად დანერგონ საქართველოს კონტროლის პალატის ახალი ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში კონტროლის პალატას მხარს უჭერდა მსოფლიო ბანკი. კონტროლის პალატის მიერ დაწყებული რეფორმები ემსახურება საქართველოში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას. ამდენად, კონტროლის პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტია კადრების პროფესიონალიზმის ამაღლება, აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა და, შესაბამისად, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება.

მსგავსი ტრენინგები კონტროლის პალატის სწავლების კურსის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კონტროლის პალატა ყოველწიურად განახორციელებს მოქმედი და ახალი თანამშრომლების, აგრეთვე სტაჟიორების გადასამზადებლად. კონტროლის პალატასა და „დიდი ოთხეულის“ წევრებთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თანამედროვე აუდიტი და მეთოდოლოგიები, დასავლური გამოცდილება, სანიმუშო პრაქტიკა და სხვ.


იხ. ტელესიუჟეტები

Thursday, October 6, 2011

ურთიერთგაგების მემორანდუმი


საქართველოს კონტროლის პალატას სომხეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარე იშხან ზაქარიანი ეწვია.

ვიზიტის მიზანია საქართველოსა და სომხეთის კონტროლის პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.

მემორანდუმის გაფორმდების შემდეგ სომხური დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსუდან კერვალიშვილს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს შეხვდება, სადაც პარლამენტისა და ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ერთი დღით ადრე სომხეთის დელეგაცია რუსთავს ეწვია, სადაც იუსტიციის სახლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და გაფორმების ეკონომიკურ ზონა მოინახულეს.

Wednesday, October 5, 2011

სომხეთის დელეგეციის ვიზიტი


საქართველოს კონტროლის პალატას სომხეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარე იშხან ზაქარიანი ეწვია.

იშხან ზაქარიანი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი რუსთავს ეწვივნენ, სადაც იუსტიციის სახლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და გაფორმების ეკონომიკურ ზონა მოინახულეს.

რუსთავის იუსტიციის სახლი სომხეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ დაათვალიერებინა. მან სტუმარს იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის მიზანი საქართველოსა და სომხეთის კონტროლის პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.

აღნიშნული მემორანდუმი 6 ოქტომბერს კონტროლის პალატის თბილისის ოფისში გაფორმდება, რის შემდეგაც სომხეთის დელეგაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს

Tuesday, September 27, 2011

CAS მე–9 შეხვედრა ბათუმში


ქ. ბათუმში INTOSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაცია) შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის რიგით მე-9 შეხვედრა გაიხსნა. შეხვედრაზე განიხილება საკითები შესაბამისობის აუდიტის ერთიანი თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და აღნიშნული მიმართულებით სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ INTOSAI-ს ეგიდით გამართულ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს კონტროლის პალატა პირველად მასპინძლობს.

ბათუმში მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოს გარდა, კიდევ 13 ქვეყნის (ბრაზილია, დანია, ინდოეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნამიბია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ტუნისი, შვედეთი და ჩინეთი) უმაღლესი აუდიტორული ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გერმანელი ექსპერტი პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ბრემენის საანგარიშო პალატის ექსპერტი იენს გიუზე ეწვია.

13 - 16 სექტემბერს ეფექტიანობის საპილოტე აუდიტის ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ეფექტიანობის საპილოტე აუდიტები მოიცავს ონკოლოგიისა და ეკოტურიზმის განვითარების პროგრამებს.

Tuesday, September 13, 2011

2010 წლის საქმიანობის ანგარიში


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშით საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგა.

ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა შემდეგ თემებზე: საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის მდგომარეობა და აუდიტის შედეგები; კონტროლის პალატის მიღწევები და მიმდინარე რეფორმები; 2010 – 2012 წლების განვითარების სტრატეგია და სხვ.

თავმჯდომარემ ასევე დაასახელა კონტროლის პალატის ორგანიზაციული განვითარების პრიორიტეტები უახლოესი ორი წლის განმავლობაში:

  • ხარისხის კონტროლის დანერგვა;
  • შიდა და გარე კომუნიკაციების გაუმჯობესება;
  • IT ტექნოლოგიების განვითარება.

როგორც ანგარიშშია მითითებული, კონტროლის პალატის მიერ გასულ წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად ბიუჯეტს დაუბრუნდა 8.7 მილიონი ლარი, ხოლო კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე გაწეული რეკომენდაციების შესრულებით სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგა 11.03 მილიონი ლარით. სულ, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა თუ საბიუჯეტო შემოსავლების მატებაში კონტროლის პალატის წვლილმა 44 მილიონი ლარი შეადგინა.

იხ. 2010 წლის ანაგრიში

Thursday, September 8, 2011

ურთიერთგაგების მემორანდუმი


ლიტვაში საქართველოს კონტროლის პალატასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი მიზანია ანგარიშვალდებულების პრინციპის განმტკიცებისა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით, ორი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის პროფესიული დახელოვნებისა და გამოცდილების გასაზიარებლად მხარეებს შორის თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლება.

მემორანდუმის ფარგლებში ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნული სამსახური კონტროლის პალატას გაუწევს კონსულტაციებს, რეკომენდაციებსა და სხვა ექსპერტულ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით: დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, ფინანსური ანგარიშგებების პაკეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, მათ შორის, შემოსავლების აუდიტის ჩათვლით; დასკვნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ანგარიშზე და ინფორმაციული სისტემების აუდიტი.

აღნიშნული მემორანდუმი 2011 - 2012 წლებს მოიცავს.

Wednesday, September 7, 2011

ეფექტიანობის აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ.

შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში ეფექტიანობის აუდიტის შესახებ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს გამართავენ.

აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

შვედი სტუმრები პალატაში 6-დან 8 სექტემბრამდე დარჩებიან

ინფორმაციული ტექნოლოგიები


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისიდან (SNAO) საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ეწვია. სტუმრობის მიზანია პალატის თანამშრომლებთან ერთად საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

აღნიშნული შეხვედრები 6-დან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება

Monday, August 29, 2011

აუდიტის მეთოდოლოგიის სწავლება


29 აგვისტოდან კონტროლის პალატაში დაიწყება ტრენინგები თემაზე: „ფინანსური აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგია.“ ტრენინგებს, მსოფლიოს უდიდესი აუდიტორული კომპანიების, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთ წევრი კომპანიის „დელოიტის“ წარმომადგენლები ჩაატარებენ.

ტრენინგები 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და საფინალო გამოცდით დასრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში კონტროლის პალატას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და განვითარების პარტნიორთა ჯგუფი.

კონტროლის პალატის მიერ დაწყებული რეფორმები ემსახურება საქართველოში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას. ამდენად, კონტროლის პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტია კადრების პროფესიონალიზმის ამაღლება, აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა და, შესაბამისად, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება,

ტრენინგმა უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევა. ტრენინგის ფარგლებში აუდიტორები დეტალურად შეისწავლიან ფინანსური აუდიტის ეტაპებს - აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცედურებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ, პრაქტიკაში ეფექტიანად დანერგონ საქართველოს კონტროლის პალატის ახალი ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია.

აღნიშნული ტრენინგი კონტროლის პალატის სწავლების კურსის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კონტროლის პალატა ყოველწიურად განახორციელებს მოქმედი და ახალი თანამშრომლების, აგრეთვე სტაჟიორების გადასამზადებლად.

კონტროლის პალატასა და „დიდი ოთხეულის“ წევრებთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თანამედროვე აუდიტი და მეთოდოლოგიები, დასავლური გამოცდილება, სანიმუშო პრაქტიკა და სხვ.

Sunday, August 28, 2011

მარიამობა ქუთაისში


საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლებმა ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრისა და ეწერის საოჯახო ტიპის მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლის აღსაზრდელებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცეს.

კონტროლის პალატის ორგანიზებით ბავშვებისათვის სადღესასწაულო ცენტრ „კუბიკ-რუბიკში“ სპეციალური გასართობი პროგრამა და საქველმოქმედო სადილი გაიმართა.

გილოცავთ მარიამობას


საქართველოს კონტროლის პალატა გილოცავთ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულს

Monday, July 25, 2011

GIZ-ის პროექტი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია 13 - 15 ივლისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) პროექტის - „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ - ორგანიზებით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალურ საანგარიშო პალატაში, ქ. ბონში.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის პირველი აუდიტის განყოფილების რეფერატის ხელმძღვანელთან, მათიას მერინგთან განხილულ იქნა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. ასევე, წარმოდგენილ იქნა გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მათი სამართლებრივი საფუძვლები.

ელექტრონული აუქციონი


ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზაციის მიზნით გასაყიდად გამოტანილი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები 12ლოტად:

იხ. ლინკი

Thursday, July 14, 2011

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“


რუსთავის იუსტიციის სახლში კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა ოფიციალურად გაიხსნეს პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)”.

პროგრამა USAID-ის (United States Agency for International Development) მიერ განხორციელდება და იგი მიზნად ისახავს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქვეყნის მმართველობის წინაშე მდგარი მრავალმხრივი სირთულეების დაძლევასა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მოქალაქეებს შორის მომსახურებისა და კომუნიკაციის ხარისხის ამაღლებას.

საქართველოს კონტროლის პალატისა და G3-ის თანამშრომლობის ფარგლებში, პროგრამის მიზანი იქნება უზრუნველყოს საჯარო ხარჯების გამჭვირვალეობა. პროგრამის მიერ, აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდასაჭერად, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცემა შესაბამისი გრანტები, რათა მათ განახორციელონ მონიტორინგი საჯარო სექტორის მართვაზე და თავადვე იყვნენ ჩართულნი გადაწვეტილების მიღების პროცესში.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ G3-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროგრამის ამოცანა და საქართველოს კონტროლის პალატის სტრატეგიული მისია შინაარსობრივად ერთმანეთს ემთხვევა, რაც გამჭვირვალობის, კანონიერების, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის პრინციპების დანერგვაში გამოიხატება.

პროგრამის ბიუჯეტი 16 მილიონ აშშ დოლარს მოიცავ და იგი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

იხ. ტელესიუჟეტები

Wednesday, July 6, 2011

სალექციო კურსი: „საჯარო სექტორის აუდიტი“


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სალექციო კურსი „საჯარო სექტორის აუდიტი“, რომელიც კონტროლის პალატის ინიციატივით ჩატარდა.

კურსის დასრულების შემდეგ ტესტირებაგავლილ სტუდენტებს პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა თარხნიშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა, მათგან საუკეთესოებს კი კონტროლის პალატაში აუდიტორ-სტაჟიორის თანამდებობა შესთავაზეს.

„საჯარო სექტორის აუდიტის“ კურსი მაგისტრანტებისთვის იყო განკუთვნილი და ლექციებს კონტროლის პალატის ექსპერტები ატარებდნენ. სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: საჯარო ფინანსების მართვა და საბიუჯეტო სისტემა; საჯარო და კერძო სამართლის შესავალი; აუდიტის საფუძვლები; ეფექტიანობის აუდიტი; თანამონაწილეობითი დემოკრატია და საბიუჯეტო პროცესი; კონტროლის პალატა და საჯარო ფინანსების აუდიტი; მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება; საჯარო ფინანსების აღრიცხვა.

აღნიშნული კურსი 2010 წელს კონტროლის პალატასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

„საჯარო სექტორის აუდიტის“ სალექციო კურსი მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

იხ. ტელესიუჟეტები

Thursday, June 30, 2011

HR-ის მართვის სტრატეგია


საქართველოს კონტროლის პალატას SNAO-ს (შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი) წარმომადგენლები ეწვივნენ. შვედი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, სადაც განხილული იქნება კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია და მისი ძირითადი მიზნები. შეხვედრებზე ასევე მოხდება შვედური გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნული შეხვედრა, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, შვედ კოლეგებთან რიგით მესამეა. SNAO-ს წარმომადგენლები კონტროლის პალატაში ორ დღეს დაჰყოფენ.

Wednesday, June 29, 2011

მრგვალი მაგიდა „ქორთიარდ მერიოტში“


29 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო ორგანიზიაცია SIGMA-ს (Support for Improvement in Governance and Management) ორგანიზებით საქართველოს კონტროლის პალატის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა. მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კონტროლის პალატა, SIGMA, ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისი და პოლონელი და შვედი ექსპერტები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კონტროლის პალატის აუდიტორთა გადამზადების პროგრამასა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების მომზადებას. ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: საპილოტე აუდიტი ლატვიელ კოლეგებთან ერთად; სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტი და ლატვიისა და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გამოცდილების გაზიარება.

Thursday, June 23, 2011

შეხვედრა ბათუმელ სტუდენტებთან


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე და კონტროლის პალატის აუდიტორები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა და პროფესორებისთვის კონტროლის პალატის საქმიანობის გაცნობა და სტუდენტების საჯარო სექტორის მართვითა და აუდიტით დაინტერესება, რაც მათ სამომავლოდ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

შეხვედრაზე კონტროლის პალატის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განხორციელდეს აუდიტორ-სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა საქართველოს კონტროლის პალატაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რათა აუდიტის სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი, ხოლო მათგან საუკეთესოებმა, საკუთარი კარიერა კონტროლის პალატაში განაგრძონ.

პალატის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონტროლის პალატის ახალი მანდატი; აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები; მოქალაქეთა ინფორმირება და საბიუჯეტო გამჭვირვალობა; პროფესიის სწორად არჩევა საკუთარი და საზოგადოების უკეთესი მომავლისათვის.

იხ. ტელესიუჟტები

Friday, June 17, 2011

აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა


ქუთაისში, საქართველოს კონტროლის პალატის სათავო ოფისში, აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობას 25 სტაჟიორი იღებდა. კურსდამთავრებულებს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა თარხნიშვილმა სერტიფიკატები გადასცა, მათ შორის საუკეთესოები, კი კონტროლის პალატაში დასაქმდებიან.

სტაჟირების მიზანი იყო პროგრამის მონაწილეების დახმარება აუდიტორული საქმიანობის უნარ-ჩვევების ათვისებაში.

Tuesday, June 14, 2011

მოხსენება პარლამენტში


საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის ახალი მანდატის ფარგლებში აუდიტის ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული აუდიტების პირველმა და ხელშესახებმა შედეგებმა თვალსაჩინოდ წარმოაჩინა რისკზე დაფუძნებული აუდიტის უპირატესობები. მაგალითად, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტმა მოიცვა 6 მილიარდ 947 მილიონი ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხები და ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ 119 აუდიტით გახდა შესაძლებელი.

საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზები პალატის მოხსენებაში ხუთ ჯგუფად არის დაყოფილი:

  1. ფინანსური აღრიცხვიანობის სისტემური მოუწესრიგებლობა;
  2. საბიუჯეტო პროგრამების შედგენის, დამტკიცებისა და გაუქმების სისტემური გაუმართაობა;
  3. წინასწარი გადახდები და დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების მართვა;
  4. საჯარო დაწესებულებათა სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვის მდგომარეობა;
  5. არასწორი დაგეგმვა და მართვა (როგორც ფისკალური პოლიტიკის ნაწილი), მისი გავლენა ფულადი მასის ზრდასა და ინფლაციაზე.

    საბიუჯეტო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, აგრეთვე გრძელვადიან დაგეგმვასა და შედეგზე ორიენტირებული საბიუჯეტო მართვის პრინციპებზე გადასასვლელად, საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებაში 4 მიმართულებით მოცემულია 9 რეკომენდაცია.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები


საქართველოს კონტროლის პალატამ დაასრულა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების აუდიტი. წინასწარი აუდიტის ფარგლებში დადგენილი ფინანსური და პროგრამული რისკების გათვალისწინებით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა მრავალმხრივი არსებითი დარღვევები და ნაკლოვანებები:
2008-2010 წლებში უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 311,3 მილიონი ლარიდან, დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურებაში გაიხარჯა მხოლოდ 164,5 მილიონი, რაც პროგრამების ჯამური ბიუჯეტის მხოლოდ 53 %-ს შეადგენს.
წლიურად დაზღვეული 808,0 ათასი უმწეო მოქალაქიდან დაზღვევით ისარგებლა მხოლოდ 13,8%-მა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული შემთხვევების 45.1 %-ის ღირებულება არ აღემატება 20 ლარს. შესაბამისად, რეალური ფინანსური რისკების დაზღვევის სიკეთით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 10 %-მა.
სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულება დროულად არ გაფორმებულა დაზღვეულთა 75 %-თან;
დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება.
პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი (430- ოჯახის წევრით), რაშიც გადახდილია 109,9 ათასი ლარი.
დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც ჯამში უკანონოდ გაიცა 3,7 მილიონი ლარი.
დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3,743 მოქალაქის ჩანაწერი. მათ დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი.
დაზღვეული 3,255 უმწეო პირი ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3,183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა 12 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატა განაგრძობს საჯარო დაზღვევაში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამების მართვის გასაუმჯობესებლად შესაბამისი უწყებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს.

იხ. ტელესიუჟეტები

Monday, June 13, 2011

ფინანსური აუდიტი და ხარისხის კონტროლი


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაცია ეწვია. ვიზიტი 16 ივნისამდე გასტანს და მისი მიზანია სემინარების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება თემაზე ფინანსური აუდიტი და ხარისხის კონტროლი.

დელეგაცია კონტროლის პალატას 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე სტუმრობს. ზემოხსენებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ დახმარება გაეწიოს საქართველოს კონტროლის პალატას თავისი მანდატის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებასა და საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში საკუთარი როლის ეფექტიანად შესრულების საქმეში.

Friday, June 10, 2011

ჰოსპიტალური სექტორის აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ობიექტების აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და ნაკლოვანებები:

1) სამედიცინო მომსახურებათა ღირებულების გამჭვირვალე გაანგარიშების არარსებობა:
• სამედიცინო ტარიფები ეფუძნება დაუსაბუთებელ ისტორიულ სტატისტიკას
2) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების არაჯეროვანი ფინანსური მართვა:
• პროგრამული საბიუჯეტო თანხების არასწორად ანაზღაურება
• პაციენტთა მომსახურების არამართლზომიერად ანაზღაურება
• პაციენტთათვის გაწეულ მომსახურებათა არასწორი აღრიცხვიანობა
3) სახელმწიფო ქონების არაეფექტიანად მართვა
• მოიჯარეები დროულად არ იხდიან საიჯარო ქირას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება
• საიჯარო ფართები გაცემულია არასაბაზრო ფასებით
4) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების დარღვევა:
• ფიქტიური კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვებში
• მიმწოდებლები საავადმყოფოებს ჯეროვნად და დროულად არ აწვდიან შესყიდულ საქონელს/მომსახურებას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებების ფინანსური მართვის გასაუმჯობესებლად საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას უწევს, დაუყოვნებლივ განახორციელოს მათი პრივატიზაცია.

იხ. ტელესიუჟეტები

Wednesday, June 8, 2011

სკპ-ის საქმიანობის 2010 წლის ანგარიში


ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ რეგიონალურ ოფისში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კონტროლის პალატის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კონტროლის პალატამ თავისი საქმიანობის 2010 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშთან ერთად პალატის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორიცაა, სამომავლოდ განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები, პალატაში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები, ეფექტიანობის აუდიტი და ხარისხის კონტროლი.

სხდომას ესწრებოდნენ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, დროებითი კომისიის თავმჯდომარე ბეჟან ბუცხრიკიძე და სხვ.

პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ ოფისი, რომელიც იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

იხ. ტელესიუჟეტები

Thursday, June 2, 2011

შეხვედრა თელაველ სტუდენტებთან


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა თარხნიშვილი და დეპარტამენტების უფროსები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა და პროფესორებისთვის კონტროლის პალატის საქმიანობის გაცნობა და სტუდენტების საჯარო სექტორის მართვითა და აუდიტით დაინტერესება, რაც მათ სამომავლოდ საქმიანობაში დაეხმარება.

პალატის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საფინანსო სისტემა და ეკონომიკა, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნქციონირების ორი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტი; მოქალაქის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორც უფლება და სოციალური პასუხისმგებლობა; მოქალაქეთა ინფორმირება და საბიუჯეტო გამჭვირვალობა; პროფესიის სწორად არჩევა საკუთარი და საზოგადოების უკეთესი მომავლისათვის; აუდიტორის უაღრესად საპასუხისმგებლო და პრესტიჟული საქმიანობა (საჯარო სიკეთეზე ზედამხედველობის განხორციელების უნარები და შესაძლებლობები) და სხვ.

სტუდენტებსა და პროფესორებთან შეხვედრაზე კონტროლის პალატა გამოვიდა ინიციატივით, რომ აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზეც განხორციელდეს აუდიტორ-სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა, რათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

უნივერსიტეტში სტუმრობის შემდეგ, 13:00 საათზე, პალატის თანამშრომლები თელავის პირველ საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებსაც შეხვდნენ, სადაც ასევე ისაუბრეს კონტროლის პალატის დანიშნულებასა და საქმიანობაზე.

EUROSAI-ს კონგრესი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის) მე-8 კონგრესში, რომელიც ა.წ. 30 მაისიდან 3 ივნისამდე მიმდინარეობს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში. კონგრესის ორგანიზატორია პორტუგალიის საანგარიშო სასამართლო.

საქართველოს კონტროლის პალატა EUROSAI-ს წევრი 1993 წელს გახდა.

EUROSAI არის INTOSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის) ერთ-ერთი რეგიონალური გაერთიანება, რომელიც 1990 წელს დაარსდა და 50 წევრ ქვეყანას აერთიანებს.

კონგრესი არის EUROSAI-ს უმაღლესი ორგანო, რომელიც აერთიანებს აღნიშნული ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას და იკრიბება სამ წელიწადში ერთხელ. მისი უფლებამოსილებაა შეიმუშავოს სათანადო სახელმძღვანელოები, ჩამოაყალიბოს სხვადასხვა კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები, დაამტკიცოს EUROSAI-ს ბიუჯეტი, საქმიანობის ანგარიშები და ა.შ.

ამასთან, კონგრესი წარმოადგენს ფორუმს გამოცდილების გასაზიარებლად და აქტუალური საკითხების განსახილველად; კონგრესი შეიმუშავებს რეკომენდაციებს მმართველობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების ხელშესაწყობად.

საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევებსა და აქტუალურ პრობლემებზე ადექვატური რეაგირების მიზნით კონგრესზე განიხილება რამდენიმე ძირითადი თემა:

  • საჯარო მოხელეთა თანამედროვე გამოწვევები და მოთხოვნები;
  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოების როლი საჯარო ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულებაში;
  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოების მიერ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების აუდიტი.

კონგრესზე ასევე დამტკიცდება EUROSAI-ს 2011-2017 წლების სტრატეგია.

EUROSAI-ს სტრატეგიული მიზნები წარმოადგენს საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების ნიშნულს. უწყების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება სწორედ ამ მიზნებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

Tuesday, May 31, 2011

შავი ზღვის ერთობლივი აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) მე-8 კონგრესის მუშაობაში.
30 მაისს აღნიშნულ კონგრესზე „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის პარალელური კოორდინირებული აუდიტის“ ერთობლივ ანგარიშს საქართველოს კონტროლის პალატისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
ერთობლივი აუდიტის მიზანი იყო საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ. ასევე, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენების კვლევა და მონიტორინგი; შავი ზღვის აუზის დაბინძურების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; დაბინძურების შემცირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება.
საქართველოს კონტროლის პალატა EUROSAI-ს წევრი 1993 წელს გახდა. კონტროლის პალატა წარმოდგენილია EUROSAI-ს გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფში და აქტიურ მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვითი აუდიტის მიზნით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში: „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტი“; აგრეთვე სემინარებში: „განახლებადი ენერგია, გარემოსდაცვითი აუდიტების ზეგავლენა"; „კლიმატის ცვლილების აუდიტი“ და სხვ.

Tuesday, May 3, 2011

ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) ექსპერტი იანოკე ნილსონი ეწვია. შვედი კოლეგა პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს თემაზე: ,,ხარისხის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა". აღნიშნული ღონისძიება პროექტის, ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის", ფარგლებში იმართება. შეხვედრები 12 მაისამდე გაგრძელდება.

,,წიგნის მეგობარი” 117-ე სკოლაში


2 მაისს ლევან ბეჟაშვილი თბილისის 117-ე საჯარო სკოლას ეწვია. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ უმცროსკლასელებს თავად წაუკითხა წიგნი „სიბრძნე მინიატურაში.“აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით პროექტ ,,წიგნის მეგობრის” ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია ბავშვებს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები განუვითაროს და ხელი შეუწყოს წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაციას. შეხვედრის დასასრულს უმცროსკლასელებს საჩუქრად გადაეცათ წიგნი „სიბრძნე მინიატურაში“, სადაც ძველი და ახალი დროის ფილოსოფიური იგავებია შესული.

Monday, May 2, 2011

სამი სამინისტროს საპილოტე აუდიტი


ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის (SAO-ს) წარმომადგენლები საქართველოს კონტროლის პალატას მესამედ ეწვივნენ. ლატვიელი კოლეგების სტუმრობის მიზანი კონტროლის პალატის თანამშრომლებთან ერთად სამი სამინისტროს საპილოტე აუდიტის ჩატარებაა.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება 2010 წლის 30 აგვისტოს კონტროლის პალატასა და SAO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ლატვიელ კოლეგებთან ერთად სამი სამინისტროს ერთობლივი ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითვალისწინებს. ესენია: შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ლატვიელი კოლეგების ვიზიტი 3-დან 8 მაისამდე გაგრძელდება.

Wednesday, April 27, 2011

პროგრამული ბიუჯეტი


დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიხსნა სემინარი თემაზე: „პროგრამული ბიუჯეტი საქართველოში: რეფორმის პროცესში მონაწილე მხარეები და მათი როლი“

აღნიშნული სემინარი საქართველოში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვას ეძღვნება, რაც საჯარო სექტორის მოდერნიზების მიზნით მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. რეფორმების მიზანი, კი საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაა.

სემინარზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: პროგრამული ბიუჯეტის მნიშვნელობა საჯარო სექტორის მართვაში; პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემები; რეფორმაში მონაწილე მხარეთა როლი და ფუნქციები. სემინარზე ძირითადი ყურადღება ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს დაეთმობა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ფინანსების მართვისა და რეფორმების მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი და კონტროლის პალატა.

სემინარი ტარდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, კონტროლის პალატისა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა გარდა, მოხსენებით წარსდგებიან და მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ პოლონელი და ესტონელი ექსპერტები.

ზემოხსენებული მონიტორინგის სპეციალური ჯგუფის წევრები არიან: კონტროლის პალატის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახაზინო სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები.

სემინარს ასევე დაეწსრებიან საქართველოს დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელი პირები და სხვა წარმომადგენლები.

სემინარი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

იხ. ტელესიუჟეტები

Tuesday, April 19, 2011

NIK-ის დელეგაცია პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (NIK) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დელეგაციას NIK-ისა და EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორი ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იაცეკ იეჟიერსკი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის მიზანია კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების გაცნობა და პალატის ხელმძღვანელობასთან ერთად ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის განხილვა.

კონტროლის პალატაში ვიზიტის დასრულების შემდეგ იაცეკ იეჟიერსკი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც ვიცე-სპიკერს, მიხეილ მაჭავარიანსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: კონტროლის პალატისა და პარლამენტის ურთიერთობა, კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, საკანონმდებლო მხარდაჭერა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კონტროლის პალატის ურთიერთობის მნიშვნელობა, ბიუჯეტის დაგეგმარებაში კონტროლის პალატის ჩართულობა და კონტროლის პალატის როლი საჯარო ფინანსების მართვაში.


კონტროლის პალატის მიზანია, პოლონეთის წარმომადგენლობასთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის გზით, ევროპულ აუდიტორულ ორგანიზაციასთან გაააქტიუროს ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის კომპლექსური პროცესი, რომელიც პოლონეთში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, საქართველოში ახლახან დაიწყო. ასევე, პოლონეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების კუთხით, მათი გამოცდილების გასაზიარებლად და იმ რეფორმების ეფექტიანად გასატარებლად, რომლებიც იგეგმება საქართველოში.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით, საქართველოს კონტროლის პალატის მჭიდრო ურთიერთობებს პოლონეთისა და საერთო ევროპულ აუდიტორულ ორგანიზაციებთან განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.

Thursday, April 14, 2011

ელექტრონული აუქციონი


ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზაციის მიზნით გასაყიდად გამოტანილი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები 15 ლოტად:

იხილეთ სრულად: PDF ვერისა