Friday, March 25, 2011

უმაღლესი სასწავლებლების აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატამ 2009-2011 წლებში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აუდიტი ჩაატარა. ეს დაწესებულებებია:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი;
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი);
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი.

აღნიშნული დაწესებულებების საქმიანობის შესწავლის შედეგად ფინანსებისა და ქონების მართვაში მრავალმხრივი სისტემური დარღვევები გამოვლინდა.

იხ. სრული ვერსია
იხ. ტელესიუჟეტები

აგრარული უნივერსიტეტის აუდიტი


საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებული აუდიტის შედეგად მრავალმხრივი დარღვევები გამოვლინდა:

1. უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო და სამეურნეო პროექტები არ არის ორიენტირებული შედეგზე და არამიზნობრივად იხარჯება სახსრები:
2007-2009 წლების განმავლობაში უნივერსიტეტი 500 ჰა მიწის ფართობიდან 300 ჰა ფართობს უსარგებლოდ ფლობდა;
არ შესრულებულა 250.0 ათას ლარამდე ღირებულების სამეცნიერო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა:

- მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი და საინფორმაციო ცენტრის შექმნას;

- ხეხილისა და ვაზის საკოლექციო სასწავლო-საცდელი ნაკვეთების გაშენებას;

- ქუთაისის მეაბრეშუმეობის სადგურში სათბურის მოწყობას;

- უნიკალური ქართული ჯიშის ცხვრის სამეცნიერო კვლევას.

2. უნივერსიტეტში არაერთგზის დაირღვა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. შედეგად, ერთი მხრივ, ტენდერებში დაუსაბუთებლად გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომელთაც მაღალი ფასები წარმოადგინეს და მეორე მხრივ, ამავე კომპანიებმა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულეს:
უნივერსიტეტმა მეტალო-პლასტმასის ფანჯრების შესასყიდად 1 357.2 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს „ეკოთერმთან“, რომელმაც არაჯეროვნად შეასრულა 380.8 ათასი ლარის სამუშაო. კერძოდ, ფანჯრების ნაცვლად დამონტაჟებულია იაფფასიანი ვიტრაჟები. ტენდერიდან დაბალფასიანი კონკურენტის უკანონო დისკვალიფიკაციით უნივერსიტეტმა ზედმეტად გახარჯა 271.0 ათასი ლარი. ჯამში ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი 651.8 ათას ლარს აჭარბებს.
სატენდერო კომისიის მიერ ტენდერებში შეფასების კრიტერიუმების არასწორად შერჩევის გამო, გამაგრებითი სამუშაოებისა და გათბობის სისტემის ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლინდნენ კომპანიები, რომელთაც სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე მაღალი ფასის შემცველი წინადადება ჰქონდათ. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გაიხარჯა 267.4 ათასი ლარი;
ხუთმა კონტრაქტორმა კომპანიამ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ფაქტობრივ შესრულებასა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობებს შორის სხვაობის შედეგად ბიუჯეტიდან უკანონოდ გადახდილია 69.9 ათასი ლარი.
უნივერსიტეტმა უსაფუძვლოდ გახარჯა საბიუჯეტო სახსრები, რომელმაც სულ 94.2 ათასი ლარი შეადგინა.

3. უნივერსიტეტში მოუწესრიგებელია ფინანსური აღრიცხვა. არასწორად აღირიცხება უძრავი ქონება, მატერიალური ფასეულობები, სტუდენტთა დებიტორული დავალიანებები და სხვ.

აგრარული უნივერსიტეტის პასუხისმგებელ პირთა არაჯეროვანი ქმედებით არამიზნობრივად გაიხარჯა 1 010.9 ათასი ლარი.

იხ. ტელესიუჟეტები

ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) ექსპერტი ეწვია. შვედი კოლეგა კონტროლის პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს თემაზე: ,,ხარისხის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა".

აღნიშნული შეხვედრა პროექტის, ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის", ფარგლებში იმართება. შეხვედრები 1 აპრილამდე გაგრძელდება.

Monday, March 21, 2011

შიდა და გარე კომუნიკაციები კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრობის მიზანია კონტროლის პალატის თანამშრომლებთან შიდა და გარე კომუნიკაციების თემაზე შეხვედრების გამართვა.

აღნიშნული შეხვედრა პროექტის, ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის", ფარგლებში იმართება. შვედი კოლეგების სტუმრობა 23 მარტამდე გაგრძელდება.

Friday, March 18, 2011

მემორანდუმი სკპ–სა და GIZ-ს შორის


18 მარტს საქართველოს კონტროლის პალატასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ-ს) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება პროექტის - ,,საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

თანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი საკითხებია:

1. საჯარო ფინანსების მართვისა და კონტროლის სფეროში მიმდინარე რეფორმების, საქართველოში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიის გაძლიერების ხელშეწყობა.

2. 2011 წელს განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებები: ეფექტიანობის აუდიტისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; საპილოტე აუდიტების ჩატარება; ეფექტიანობის აუდიტის ჩასატარებლად სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების განსაზღვრა; კონტროლის პალატის ადგილობრივი თვითმმართველობის აუდიტის დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაო პროცესების შემდგომი განვითარება; კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის მოდერნიზება და მისი ჰარმონიზაცია არსებულ სამართლებრივ ჩარჩოსთან და სხვ.

მემორანდუმს საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 1998 წელს დადებული შეთანხმება და 2010 წელს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (ყოფილი GTZ - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება) უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მხარდაჭერას უწევს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, სამართლებრივი სისტემების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საქმეში.

,,საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ ერთ-ერთი ასეთი პროექტია. კონტროლი პალატასთან თანამშრომლობა 2003 წლიდან ხორციელდება. აღნიშნულმა თანამშრომლობამ ისეთი სფეროები მოიცვა, როგორიცაა: აუდიტორთა ტრენინგი, ეფექტიანობის აუდიტი, საპილოტე აუდიტების წარმოება, საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და გამოცდილების გაზიარება მუნიციპალური ორგანოების აუდიტში.

,,საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის“ პროექტის ეგიდით კონტროლის პალატაში გაიმართა სემინარები და კონფერენციები თემებზე: „ეფექტიანობის აუდიტი“, „საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის წლიური ანგარიშის შეფასება“, ,,საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის აქტის შეფასების გაუმჯობესება" და სხვ.

მემორანდუმზე ხელი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა და GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ცენო რაიჰენბეჰერმა მოაწერეს.

Wednesday, March 16, 2011

აუდიტი საჯარო სკოლებში


საქართველოს კონტროლის პალატა საჯარო სკოლების აუდიტს იწყებს. აუდიტში მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც მიიღებს. შემოწმდება დედაქალაქის 9 და სხვადასხვა რეგიონის 7 საჯარო სკოლა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლების დასაფინანსებლად ყოველწლიურად 330 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, რაც განათლების სამინისტროს ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს.

აუდიტი შეისწავლის სკოლების დასაფინანსებლად როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვას, ასევე სკოლების საკუთარი შემოსავლების კანონიერებას, სკოლების ფართების სარგებლობიდან, ფასიანი წრეებიდან, შემოწირულობებიდან, და სხვა წყაროებიდან მიღებულ თანხებს; სკოლების ადმინისტრაციულ და კომუნალურ ხარჯებს და სხვა არსებით საკითხებს. სრულად შემოწმდება მათი ფინანსური და საქმიანობის სხვა ანგარიშები.

შერჩეული 16 სკოლის აუდიტის შედეგად ჩამოყალიბდება სკოლებისათვის დამახასიათებელი ფინანსური რისკების ნუსხა და განხორციელდება სკოლების აუდიტის სტანდარტიზაცია. აღნიშნული მაკონტროლებლებს სკოლების მომეტებული ფინანსური საფრთხეების პრევენციას გაუმარტივებს და საჯარო სკოლების მართვის გააუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ზოგადი განათლების მართვაში საბიუჯეტო სახსრების კონტროლი კონტროლის პალატის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შერჩული სკოლები

  1. თბილისი 18, 20, 34, 51, 53, 118, 147, 159, 187
  2. ქუთაისი 2
  3. ბათუმი 1
  4. რუსთვი 2
  5. მარნეული 6
  6. გორი 3
  7. ფოთი 5
  8. ზუგდიდი 1

კონტროლის პალატა სკოლებში შეისწავლის ფინანსურ რისკებს, რომლებიც შეიცავს არამიზნობრივი ხარჯვის მომეტებულ საფრთხეებს:

  • სკოლის ბიუჯეტის ფორმირება და ხარჯვა;

  • სკოლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიეღებული შემოსავლების კანონიერება:
  • ფასიანი სწავლება;

  • ფართების იჯარა;
  • ნებაყოფლობითი შენატანები და სხვ.

  • სკოლების კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები, სარემონტო სამუშაოები;
  • დავალიანებების მართვა;

  • საოფისე და კომუნალური ხარჯები;
  • პედაგოგიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
  • სკოლების ქონებისა და მარაგების გამოყენება და მართვა;
  • ფულადი სახსრების აღრიცხვა;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზება და ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისობა;
  • მოსწავლეთათვის უზრუნველყოფილი სასკოლო საშუალებების ხელმისაწვდომობა;
  • მოსწავლეთა ბაზების მართვა.


იხ. ვიდეოები

Monday, March 14, 2011

სემინარი პროგრამული ბიუჯეტის შესახებ


კონტროლის პალატას Lund-ის უნივერსიტეტის პროფესორი გერტ პაულსონი ეწვია. შვედი პროფესორი კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის გამართავს სემინარს, რომელიც პროგრამული ბიუჯეტის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს ეძღვნება.

აღნიშნული ღონისძიება შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. სემინარი ორი დღის განმავლობაში, 14 და 15 მარტს გაიმართება.