Monday, July 25, 2011

GIZ-ის პროექტი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია 13 - 15 ივლისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) პროექტის - „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ - ორგანიზებით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალურ საანგარიშო პალატაში, ქ. ბონში.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის პირველი აუდიტის განყოფილების რეფერატის ხელმძღვანელთან, მათიას მერინგთან განხილულ იქნა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. ასევე, წარმოდგენილ იქნა გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მათი სამართლებრივი საფუძვლები.

ელექტრონული აუქციონი


ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზაციის მიზნით გასაყიდად გამოტანილი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები 12ლოტად:

იხ. ლინკი

Thursday, July 14, 2011

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“


რუსთავის იუსტიციის სახლში კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა ოფიციალურად გაიხსნეს პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)”.

პროგრამა USAID-ის (United States Agency for International Development) მიერ განხორციელდება და იგი მიზნად ისახავს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქვეყნის მმართველობის წინაშე მდგარი მრავალმხრივი სირთულეების დაძლევასა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მოქალაქეებს შორის მომსახურებისა და კომუნიკაციის ხარისხის ამაღლებას.

საქართველოს კონტროლის პალატისა და G3-ის თანამშრომლობის ფარგლებში, პროგრამის მიზანი იქნება უზრუნველყოს საჯარო ხარჯების გამჭვირვალეობა. პროგრამის მიერ, აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდასაჭერად, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცემა შესაბამისი გრანტები, რათა მათ განახორციელონ მონიტორინგი საჯარო სექტორის მართვაზე და თავადვე იყვნენ ჩართულნი გადაწვეტილების მიღების პროცესში.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ G3-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროგრამის ამოცანა და საქართველოს კონტროლის პალატის სტრატეგიული მისია შინაარსობრივად ერთმანეთს ემთხვევა, რაც გამჭვირვალობის, კანონიერების, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის პრინციპების დანერგვაში გამოიხატება.

პროგრამის ბიუჯეტი 16 მილიონ აშშ დოლარს მოიცავ და იგი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

იხ. ტელესიუჟეტები

Wednesday, July 6, 2011

სალექციო კურსი: „საჯარო სექტორის აუდიტი“


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სალექციო კურსი „საჯარო სექტორის აუდიტი“, რომელიც კონტროლის პალატის ინიციატივით ჩატარდა.

კურსის დასრულების შემდეგ ტესტირებაგავლილ სტუდენტებს პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა თარხნიშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა, მათგან საუკეთესოებს კი კონტროლის პალატაში აუდიტორ-სტაჟიორის თანამდებობა შესთავაზეს.

„საჯარო სექტორის აუდიტის“ კურსი მაგისტრანტებისთვის იყო განკუთვნილი და ლექციებს კონტროლის პალატის ექსპერტები ატარებდნენ. სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: საჯარო ფინანსების მართვა და საბიუჯეტო სისტემა; საჯარო და კერძო სამართლის შესავალი; აუდიტის საფუძვლები; ეფექტიანობის აუდიტი; თანამონაწილეობითი დემოკრატია და საბიუჯეტო პროცესი; კონტროლის პალატა და საჯარო ფინანსების აუდიტი; მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება; საჯარო ფინანსების აღრიცხვა.

აღნიშნული კურსი 2010 წელს კონტროლის პალატასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

„საჯარო სექტორის აუდიტის“ სალექციო კურსი მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

იხ. ტელესიუჟეტები