Thursday, December 30, 2010

კონტროლის პალატის წლის შემაჯამებელი შეხვედრა


30 დეკემბერს საქართველოს კონტროლის პალატის თბილისის ოფისში, წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვდრის შემდეგ, კი - წინასაახალწლო მიღება. შეხვდრაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი პალატის თანამშრომლებს 2010 წელს გაწეული სამუშაოების, მიღწევებისა და პრობლემების შესახებ ესაუბრა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
მიღებაზე მხატვარ ვანო აბულაძის ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა.

Tuesday, December 21, 2010

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა

შესავალი და განმარტებები

ნუსხაში შეტანილი პროგრამა თუ ღონისძიება არის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის არეალში. პროგრამისა თუ ღონისძიების ნუსხაში შეტანით საქართველოს კონტროლის პალატა საჯაროდ აცხადებს, რომ ღონისძიებას, პროგრამას, მის განმახორციელებელ სუბიექტს თუ მთლიანად სისტემას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.
პროგრამისა თუ ღონისძიების განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში შეტანა განხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად და ობიექტურად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის აუდიტის შედეგების) საფუძველზე.

წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით (დასაწყისისთვის 2 წელიწადში ერთხელ) საქართველოს კონტროლის პალატა მოახდენს განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხის გადახედვა-განახლებას, რაც ნიშნავს არა მხოლოდ პროგრამისა თუ ღონსძიების ნუსხიდან ამოღებას, არამედ ნუსხაში ახლის დამატებასაც.

ახალი რეალობების გათვალისწინებით, საჭიროების შესაბამისად მოხდება არა მხოლოდ ნუსხის, არამედ კრიტერიუმების განახლებაც, რაც ნიშნავს, რომ კრიტერიუმის რაიმე პარამეტრის ცვლილებას ან ახალი კრიტერიუმის შემუშავებას.
იხ. ვრცლად: PDF ვერსია

საქართველოს კონტროლის პალატის 10 პრიორიტეტი 2011 წლისთვის

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმართული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები
ამ პროგრამების მიმართ დიდია საზოგადოების ინტერესი, რამდენადაც ემსახურება ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოების ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის სოციალური ყოფის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. . .

იხ. ვრცლად: PDF ვერსია

2011 წლის 10 პრიორიტეტი


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა და საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის პრიორიტეტები დაასახელა.საქართველოს კონტროლის პალატამ შეიმუშავა განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა, რომელშიც შესულია ყველა ის ღონისძიება ან პროგრამა, რომლებიც სახეოლმწიფოსათვის განსაკუთრებული მნშვნელობისაა. ნუსხაში შესული პროგრამები და ღონისძიებები შეირჩევა კონტროლის პალატის მიერ განსაზღვრული 5 კრიტერიუმის მიხედვთ. ნუსხაში შესულია 10 ღონისძიება და პროგრამა.
განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხის გათვალისწინებით მოხდა საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის 10 პრიორიტეტის განსაზღვრა:1.სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმართული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები
ამ პროგრამების მიმართ დიდია საზოგადოების ინტერესი, რამდენადაც ემსახურება ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოების ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის სოციალური ყოფის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამასთან, მიუხედავად საკმაოდ შთამბეჭდავი მოცულობის საბიუჯეტო ხარჯებისა, შედეგის თვალსაზრისით დადებითი ტენდენციები არ გვაქვს არც სამედიცინო მომსახურების ხარისხის, არც მედპერსონალის ფინანსური პირობების და არც უფლებრივი ინფორმირებულობის კუთხით.2. სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა
სახელმწიფო ამ მიმართულებით ბიუჯეტის თითქმის მესამედს ხარჯავს, თუმცა სფერო სისტემურად ნაკლოვანია. ერთის მხრივ სახეზეა არასწორი და არაეფექტური მართვა: ბენეფიციართა გამართული ბაზების ფორმირებისა და მონიტორინგის სისტემური მოუწესრიგებლობა; ხოლო მეორეს მხრივ - უმწეოთა კატეგორიის ობიექტური შეფასების კრიტერიუმებისა და სისტემის არსებითი ნაკლოვანებები, რის გამოც სრულად ვერ ხერხდება ზუსტ სამიზნე ჯგუფებამდე (ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვასა და დახმარებას) საჯარო რესურსების დროულად და ეფექტურად მიწოდება.3. სამედიცინო მომსახურების სისტემა და პროგრამები2011 წლის პრიორიტეტებში სამედიცინო მომსახურების სისტემისა და პროგრამების მოხვედრა განაპირობა 2010 წელს წარმართული აუდიტების შედეგად გამოვლენლმა შედეგებმა. დარღვევებმა დაგვანახა სისტემის არასწორი მართვა: ერთის მხრივ, სამედიცინო მომსახურების გაწევისა და მისი დაფინანსების მეთოდოლოგიის არსებითი ხარვეზები, და მეორეს მხრივ, პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებების მიერ კანონმდებლობის უგულვებელყოფას პირადი სარგებლის მიღების ან ანგარიშვალდებულების თავიდან არიდების მიზნით4. სოფლის მეურნეობის სფეროს მართვა და ფინანსური უზრუნველყოფა
ჩატარებულმა აუდიტებმა სისტემის დაწესებულებებში გამოავლინა არასწორი მართვის შემთხვევები და სხვა კანონდარღვევები, რომლებსაც სისტემური მოწესრიგება სჭირდება. სისტემური მოწესრიგებისთვის კი საჭიროა პრობლემებისა და ნაკლოვანებების მონიტორინგი, იდენტიფიკაცია და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის განვითარებას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მნიშვნელობა - სწორი და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში არსებობს აგრობიზნესისა თუ აგრარულ დარგთან კავშირში მყოფი ბიზნესის სხვა მიმართულებების განვითარების საშუალება.5. გარემოსდაცვითი ღონისძიებები და პროგრამები
გარემოსდაცვითი რეგულაციების დაუცველობა, არაეფექტურობა და სისტემის გაუმართაობა შეიძლება გახდეს გარემოზე საგანგაშო ზემოქმედებისა და ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. ამასთან, სფეროს მოწესრიგებას და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას შეუძლია საქართველო აქციოს რეგიონულ ლიდერად, ან მნიშვნელოვნად აამაღლოს ქვეყნის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე.6. თავდაცვის სფეროს ფინანსური მართვა
თავდაცვაზე მიმართული მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსები განაპირობებს საზოგადოების დაინტერესებას აღნიშნული სფეროს ფინანსური უზრუნველყოფით. ამასთან, გადასახადის გადამხდელთა განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მათი სახსრებით ფორმირებული საბიუჯეტო ასიგნებები რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს მათსავე უსაფრთხოებას.7. მეცნიერების მხარდაჭერის სისტემა
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა ცხადჰყოფს, რომ დღეის და სამომავლო გამოწვევაა ახალი მიმართულებების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული ბიზნესი; ბიზნესი, რომელსაც შეეძლება ნაკლები ხარჯებით მეტი ეფექტის მიღება. ამ მიმართულებით კი მეცნიერებას, ინოვაციებს, ახალ ტექნოლოგიებს განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი იძლევა ზრდის საშუალებას, სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციას და ინტელექტუალური შრომის შედეგების კომერციალიზაციას, მეცნიერება მიმზიდველი უნდა გახდეს ახალი თაობსათვის და ინვესტიციებისათვის.8. პრობაციის სისტემის მართვა
მიმდინარე რეფორმის პირველი შედეგები უკვე არსებობს და უნდა მოხდეს მათი ანალიზი, გაკეთდეს დასკვნები და მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილებები9. სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების მართვის სისტემა
სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებები ყოველთვის იყო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროში. მომავალ წელს კონტროლის პალატა საკითხს სისტემურად შეისწავლის და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციამისი მდგრადობისა თუ ეფექტურობის შესახებ.10. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა
სახელმწიფოს გაცხადებული გამოწვევა უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში არის საჯარო ფინანსების მართვის, საბიუჯეტო სფეროს მართვის რეფორმა. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ საქ2მიანობა პროგრამული ბიუჯეტით უნდა წარმართოს, რისთვისაც მუშაობა 2011 წელს უნდა დაიწყოს. პროგრამული ბუჯეტის დანერგვის კვალობაზე საქართველოს კონტროლის პალატამ უნდა დაიწყოს ეფექტიანობის აუდიტის წარმოება: პროგრამების ეფექტიანობის შეფასება. ამდენად საქართველოს კონტროლის პალატისთვის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმდინარეობა და შედეგები განსაკუთრებულად აქტუალურია.

Saturday, December 4, 2010

„ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის“ აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში „ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის“ (დიალიზის პროგრამის) ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტი 2007 – 2009 წლების პერიოდს მოიცავს.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მართვაში კონტროლის პალატამ გამოავლინა შემდეგი დარღვევები:
1. დიალიზის სეანსის ღირებულება, რომელიც 2009 წელს 90 ლარიდან 120 ლარამდე გაიზარდა, დადგენილია უსაფუძვლოდ, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე, რაც საბიუჯეტო სახსრების უკონტროლოდ და არამიზნობრივად ხარჯვას იწვევს, კერძოდ:
1.1. სამინისტრო კომპანია „ვია-ვიტასგან“ ყიდულობს ძვირადღირებულ სადიალიზე მასალას, რომლის ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი. საქართველოში აღნიშნული მასალის ღირებულება, რომელიც პროგრამის 80% ფარავს, 60%-ით აღემატება აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ფასებს;
1.2. მითითებული მასალის ფასები 100%-ით აღემატება პროგრამაში გამოყენებული შპს „ჯანის” მიერ მიწოდებული იდენტური ხარისხის მასალის ღირებულებას, რის გამოც ბიუჯეტმა 6 046.8 ათასი ლარით იზარალა;
1.3. ტენდერში გამარჯვებულ სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში ე.წ. დარგის განვითარებისა და არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოში არამიზნობრივად აუნაზღაურდათ 2 650.0 ათასი ლარი, რითაც სეანსის ღირებულება დამატებით ხელოვნურად გაიზარდა.
აუდიტის დასკვნით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დიალიზის სეანსის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს, რაც 40 ლარით ნაკლებია მოქმედ ფასზე. 2007-2010 წლებში აღნიშნული სხვაობით ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 14 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამ წლებში ბიუჯეტიდან პროგრამულად გაწეული ხარჯის 25%-ს შეადგენს.
პროგრამის დასაბუთებული დაანგარიშების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად დაზოგავს 6 მილიონ ლარს.