Friday, November 12, 2010

შენიშვნები და წინადადებები 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით


დღეს საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლის პალატამ წარუდგინა პარლამენტს თავისი შენიშვნები და წინადადებები, აგრეთვე მოხსენება 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.კონტროლის პალატამ განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის გადამუშავებული პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია კანონპროექტის განხილვის პირველ ეტაპზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თვალსაზრისით არ არსებობდა არსებითი ხასიათის სამართლებრივი წინააღმდეგობა, რომელიც დააბრკოლებდა მის განხილვა-მიღებას.შესწორებული კანონპროექტის მიხედვით, არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაცია) მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა თავდაპირველ პროექტთან შედარებით გაიზარდა 80.0 მლნ. ლარით და შეადგინა 150.0 მლნ. ლარი; თუმცა კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის ახსნილი, თუ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში (კანონპროექტის პირველი ვარიანტის პარლამენტში წარდგენიდან ერთ თვეში) რა რესურსი გამოინახა, რომელმაც 80-მილიონიანი ზრდა განაპირობა ან თუ ასეთი რესურსი არსებობდა, რატომ არ იქნა გათვალისწინებული იგი თავიდანვე, მ. წ. ოქტომბრის დასაწყისში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში.საქართველოს კონტროლის პალატა კვლავ აქტუალურად მიიჩნევს და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინაშე სვამს საგადასახადო შემოსავლებში საგადასახადო ტვირთის დივერსიფიცირების შესაძლებლობაზე განხილვების დაწყების საკითხს.2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტზე წარმოდგენილ დასკვნაში საქართველოს კონტროლის პალატა აღნიშნავდა და ამჯერადაც მოელის, რომ შემდგომი განხილვებისას წარმოდგენილი იქნება სრულყოფილი ინფორმაცია და გაიმართება მსჯელობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შიდა აუდიტის სისტემის ფორმირების სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა; საჯარო ფინანსების მართვისა და აღრიცხვის სისტემური მოწესრიგება; საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემა; სახელმწიფო საწარმოები და მათი მართვის სისტემა; პრივატიზაციის პროცესის ხედვა; საბიუჯეტო სახსრებით წარმართული სადაზღვევო პროგრამებისა თუ სქემების სისტემური მოწესრიგება; სტატისტიკის სფეროს რეფორმის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ინოვაციების მხარდაჭერა თუ კომერციალიზაციის ხელშეწყობა, პრივატიზაცია და სახელმწიფო საწარმოები ის სფეროებია, სადაც არის ზრდის პოტენციალი და შესაბამისად, მოითხოვს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და სისტემურ მიდგომას.რაც შეეხება 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლის პალატის მოხსენებას იხილეთ აქ:

Wednesday, November 10, 2010

შეხვედრა დონორებთან და პარტნიორებთან


დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს კონტროლის პალატის დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს კონტროლის პალატასთან ერთად სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები:

ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია;
კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი;
შიდა და გარე კომუნიკაციების პოლიტიკა.

ასევე წარმოდგენილ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის 2010 – 2012 წლების განახლებული სტრატეგიული გეგმა, რომლის საფუძველზეც დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და სფეროები გამოიკვეთება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, USAID, ევროკავშირი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (GTZ), ნიდერლანდების სამეფოსა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგნელები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და სხვ.