Thursday, October 7, 2010

საქართველოს კონტროლის პალატასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


დღეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს კონტროლის პალატა გამოვიდა ახალი ინიციატივით და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის 2010/2011 სასწავლო წელს შემოღებულ იქნა სალექციო კურსი -,,საჯარო სექტორის აუდიტი”.

მიზანი: რეფორმების შედეგად საქართველოს კონტროლის პალატაში უკვე დაგროვდა სტუდენტებისათვის გადასაცემად საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საჯარო სექტორის მართვისა და აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის სფეროში.

საქართველოს კონტროლის პალატა, მისი თითოეული თანამშრომელი თავს ვალდებულად თვლის საკუთარი წვლილი შეიტანოს, ზოგადად, განათლების სისტემის სრულყოფასა და კერძოდ, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები სალექციო კურსს გაუძღვებიან ყოველგვარი ანაზღაურებისა თუ სხვა დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების გარეშე.

სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

საჯარო ფინანსების მართვა და საბიუჯეტო სისტემა

საჯარო და კერძო სამართლის შესავალი

თანამონაწილეობითი დემოკრატია და საბიუჯეტო პროცესი

კონტროლის პალატა და საჯარო ფინანსების აუდიტი

მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება

საჯარო ფინანსების აღრიცხვა

აუდიტის საფუძვლები

ეფექტიანობის აუდიტი

სალექციო კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. შესაძლებელია, წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს კონტროლის პალატამ შესთავაზოს თანამშრომლობა.

მოსალოდნელი შედეგი: წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ისტორიაში პირველად შეიმნას ,,საჯარო სექტორის აუდიტის” სამაგისტრო პროგრამა. პროგრამა დაინერგება არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ ქუთაისში, რეგიონულ ადმინისტრაციულ ცენტრში და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დაეუფლონ პერსპექტიულ და კონკურენტუნარიან პროფესიას.

ადმინისტრაციული საკითხები: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის (,,ბიზნესის ადმინისტრირების“, ,,ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმისა“ და ,,მარკეტინგის“ სპეციალობების) სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი დაესწრონ ლექციებს, რეგისტრაციის გავლა ა. წ. 11 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს კონტროლის პალატაში.

სალექციო კურსი 2010 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება. ლექციები ჩატარდება ყოველ კვირას, კვირაში 3 -ჯერ.

No comments:

Post a Comment