Tuesday, May 31, 2011

შავი ზღვის ერთობლივი აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) მე-8 კონგრესის მუშაობაში.
30 მაისს აღნიშნულ კონგრესზე „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის პარალელური კოორდინირებული აუდიტის“ ერთობლივ ანგარიშს საქართველოს კონტროლის პალატისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
ერთობლივი აუდიტის მიზანი იყო საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ. ასევე, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენების კვლევა და მონიტორინგი; შავი ზღვის აუზის დაბინძურების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; დაბინძურების შემცირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება.
საქართველოს კონტროლის პალატა EUROSAI-ს წევრი 1993 წელს გახდა. კონტროლის პალატა წარმოდგენილია EUROSAI-ს გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფში და აქტიურ მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვითი აუდიტის მიზნით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში: „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტი“; აგრეთვე სემინარებში: „განახლებადი ენერგია, გარემოსდაცვითი აუდიტების ზეგავლენა"; „კლიმატის ცვლილების აუდიტი“ და სხვ.

Tuesday, May 3, 2011

ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) ექსპერტი იანოკე ნილსონი ეწვია. შვედი კოლეგა პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს თემაზე: ,,ხარისხის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა". აღნიშნული ღონისძიება პროექტის, ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის", ფარგლებში იმართება. შეხვედრები 12 მაისამდე გაგრძელდება.

,,წიგნის მეგობარი” 117-ე სკოლაში


2 მაისს ლევან ბეჟაშვილი თბილისის 117-ე საჯარო სკოლას ეწვია. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ უმცროსკლასელებს თავად წაუკითხა წიგნი „სიბრძნე მინიატურაში.“აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით პროექტ ,,წიგნის მეგობრის” ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია ბავშვებს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები განუვითაროს და ხელი შეუწყოს წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაციას. შეხვედრის დასასრულს უმცროსკლასელებს საჩუქრად გადაეცათ წიგნი „სიბრძნე მინიატურაში“, სადაც ძველი და ახალი დროის ფილოსოფიური იგავებია შესული.

Monday, May 2, 2011

სამი სამინისტროს საპილოტე აუდიტი


ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის (SAO-ს) წარმომადგენლები საქართველოს კონტროლის პალატას მესამედ ეწვივნენ. ლატვიელი კოლეგების სტუმრობის მიზანი კონტროლის პალატის თანამშრომლებთან ერთად სამი სამინისტროს საპილოტე აუდიტის ჩატარებაა.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება 2010 წლის 30 აგვისტოს კონტროლის პალატასა და SAO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ლატვიელ კოლეგებთან ერთად სამი სამინისტროს ერთობლივი ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითვალისწინებს. ესენია: შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ლატვიელი კოლეგების ვიზიტი 3-დან 8 მაისამდე გაგრძელდება.