Friday, March 30, 2012

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

დღეს, 30 მარტს, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებს, რომლებმაც გაიარეს მსოფლიო ბანკის სემინარები, სერთიფიკატები გადაეცათ.

ხუთდღიან სემინარზე (26-30 მარტი), რომელსაც უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები, განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგება; აუდიტის პოლიტიკა და პროცედურები; ბანკის ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და ანგარიშის მომზადება.


აღნიშნული სემინარები ხელს შეუწყობს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების პროფესიულ საქმიანობას, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ მსოფლიო ბანკისა და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტებისა და სხვა მიზნობრივი სახსრების აუდიტი.


ინფორმაციისთვის: საქართველოს კონტროლის პალატა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობს 2006 წლიდან. მსოფლიო ბანკისა და პარტნიორების გაერთიანებული ჯგუფის: შვედური საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), ნიდერლანდების განვითარების თანამშრომლობის სამინისტროსა (Koninkrijk der Nederlanden) და ბრიტანეთის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის (DFID) დახმარებით უკვე განხორციელდა საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტი (PSFMR-SP) და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ქვეპროექტი (PAOPFM), რომელიც ითვალისწინებდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლებას, თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიების დანერგვას, სასწავლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და სხვ.

კონფერენცია

დღეს, 30 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს კონტროლის პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე:

„უკეთესი მმართველობის უზრუნველყოფა ფინანსური კონტროლით,
გარე აუდიტის რეფორმა საქართველოში“


კონფერენციაზე განიხილება ერთობლივად განხორციელებული რეფორმები, საქართველოს მთავრობის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია, საქართველოს კონტროლის პალატის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების როლი აღნიშნულ რეფორმებში, კონტროლის პალატის დამოუკიდებლობის საკითხები, კონტროლის პალატის ახალი მანდატის - „პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის“ შესრულება და სხვ.


კონფერენციაში მონაწილეობენ: საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ოფისების, GIZ-ისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.


GIZ-ის პროექტი „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით 2003 წლიდან ხორციელდება. კონტროლის პალატასთან თანამშრომლობა 2012 წლის მაისიდან ახალი რეგიონალური პროგრამით - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ გაგრძელდება.

Tuesday, March 27, 2012

მსოფლიო ბანკის სემინარი


მსოფლიო ბანკის ექსპერტები საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებისთვის სემინარებს მართავენ. განიხილება შემდეგი საკითხები: მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგება; აუდიტის პოლიტიკა და პროცედურები; ბანკის ფინანსური აუდიტის დაგეგვმა და ანგარიშის მომზადება.

სემინარების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების პროფესიულ საქმიანობას, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ მსოფლიო ბანკისა და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტებისა და სხვა მიზნობრივი სახსრების აუდიტი.

სემინარები გაგრძელდება 30 მარტის ჩათვლით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში.“

ინფორმაციისთვის: საქართველოს კონტროლის პალატა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობს 2006 წლიდან. მსოფლიო ბანკისა და პარტნიორების გაერთიანებული ჯგუფის: შვედური საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), ნიდერლანდების განვითარების თანამშრომლობის სამინისტროსა (Koninkrijk der Nederlanden) და ბრიტანეთის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის (DFID) დახმარებით უკვე განხორციელდა საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტი (PSFMR-SP) და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ქვეპროექტი (PAOPFM), რომელიც ითვალისწინებდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლებას, თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიების დანერგვას, სასწავლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და სხვ.

Monday, March 26, 2012

ტრენინგი მონიტორინგის სამსახურისთვის





დღეს, 26 მარტს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, საქართველოს კონტროლის პალატას პოლიტიკური ფინანსების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტი მაგნუს ოხმანი ეწვია. შვედი ექსპერტი საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ორკვირიან ტრენინგს ჩაუტარებს და მათ პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების შემოწმების და დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოცდილებას გააცნობს.


საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ( IFES) საქართველოში დაახლოებით 10 წელია მოღვაწეობს და ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა. საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების გადამზადება სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და გრძელვადიან ურთიერთანამშრომლობას ისახავს მიზნად, რათა სამსახურმა უფრო ეფექტიანად შეძლოს პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც შედეგად თანაბარკონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.


საქართველოს კონტროლის პალატა ამ მიმართულებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

Wednesday, March 21, 2012

შვედი ექსპერტების ვიზიტი

დღეს, 21 მარტს საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაცია ეწვია. შვედი ექსპერტები სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ თემაზე: „თაღლითობა და კორუფცია.“

სამუშაო შეხვედრები, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი პირები და აუდიტორები ესწრებიან, 23 მარტამდე გაგრძელდება.


აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წელს გაფორმებული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

Tuesday, March 13, 2012

საკანონმდებლო წინადადების განხილვა

დღეს, 13 მარტს საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განხილულ იქნა საკანონმდებლო წინადადებები, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შემდგომი სრულყოფის თაობაზე.


შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეუქმნის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუფერხებელი საქმიანობის საკანონმდებლო გარანტიებს.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით სათათბირო საბჭოს შექმნის შესაძლებლობის საკითხი, რომელიც გაზრდის არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ინფორმირებულობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შესახებ.

Tuesday, March 6, 2012

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზი


დღეს, 6 მარტს, 10 საათზე საქართველოს კონტროლის პალატას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყირგიზეთის რესპუბლიკის საანგარიშო პალატის დელეგაცია, თავმჯდომარის საბირბეკ მოლდოკულოვის ხელმძღვანელობით.

ყირგიზეთის დელეგაციას საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი მასპინძლობს.
ვიზიტის მიზანია საქართველოს კონტროლის პალატის რეფორმებისა და აუდიტორული საქმიანობის გაცნობა, ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს კონტროლის პალატის ექსპერტ-აუდიტორებთან, რაც ხელს შეუწყობს ყირგიზეთის საანგარიშო პალატის რეფორმირებას.

საქართველოს კონტროლის პალატა გამოთქვამს მზადყოფნას, მოთხოვნის შესაბამისად, მომავალშიც გაუწიოს კონსულტაციები ყირგიზ კოლეგებს.

დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეფორმებითაც დაინტერესდნენ. გუშინ ისინი რუსთავის იუსტიციის სახლისა და მომსახურების სააგენტოს მუშაობის პრინციპებს გაეცვნენ.
ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი 7 მარტს დასრულდება.

Monday, March 5, 2012

შვედი კოლეგების ვიზიტი



დღეს, 5 მარტს, საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაცია ეწვია. შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში ეფექტიანობის აუდიტისა და შიდა და გარე კომუნიკაციების შესახებ სემინარებს გამართავენ.


დელეგაციის სტუმრობას საფუძვლად უდევს 2010 წელს საქართველოს კონტროლის პალატასა და SNAO-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღნიშნული სემინარები 7 მარტამდე გაგრძელდება.

Friday, March 2, 2012

მონიტორინგის სამსახურის განცხადება




დღეს, 2 მარტს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ პრესისთვის განცხადება გააკეთა:


„საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, პოლიტიკურ სუბიექტებს მიმართა თხოვნით, წარმოადგინონ ინფორმაცია მათი მიმდინარე ფინანსური საქმიანობის შესახებ. ამ მოთხოვნის მიზანია პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა და კანონის მოთხოვნების დაცვა.


ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, რომ შესაძლოა მოხდეს მათი გამოყენება ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენი ინფორმაციით, არის მათი კორუფციული სქემებისათვის გამოყენების ცალკეული მცდელობები. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად აიცილონ თავიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობა“.

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი



დღეს, 2 მარტს, 11 საათზე, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენინგი ეფექტიანობის აუდიტში, გადაეცათ სერთიფიკატები.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების ტრენინგი მიმდინარეობდა 2011 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. ტრენინგის ფარგლებში, სემინარებს უძღვებოდნენ გერმანიისა და მაკედონიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისების ექსპერტები.

აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება საქართველოს კონტროლის პალატაში შემუშავებულ ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოს და საერთაშორისო აუდიტორულ სტანდარტებს.

ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.