Monday, November 28, 2011

ლიტვის დელეგაცია პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურის დელეგაცია თავმჯდომარის, გიედრე სვედიენეს მეთაურობით.

ვიზიტის მიზანია კონტროლის პალტასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცება; ლიტვური გამოცდილების გაზიარება და აუდიტის დასავლური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა კონტროლის პალატაში.

16:00 სთ-ზე გიედრე სვედიენე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, სადაც ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ოფისისა და პარლამენტის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ლიტვის დელეგაცია კონტროლის პალატაში ფინანსთა სამინისტროში ჩასატარებელი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის შესახებ პრაქტიკული ტრენინგების გამართავს. ლიტველი სტუმრები ქართველ კოლეგებს ასევე, გაუწევენ კონსულტაციებს, რეკომენდაციებსა და სხვა ექსპერტულ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით:

  • დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე;
  • დასკვნა ფინანსური ანგარიშგებების პაკეტზე და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, მათ შორის შემოსავლების აუდიტის ჩათვლით;
  • დასკვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ანგარიშზე;
  • ინფორმაციული სისტემების აუდიტი.

აღნიშნულ ღონისძიებას საფუძვლად უდევს საქართველოს კონტროლის პალატასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის 2011 წლის სექტემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

იხ. ტელესიუჟეტები

ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი


28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართება ტრეინინგი ეფექტიანობის აუდიტში. ტრეინინგი ჩატარდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის “საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ ხელშეწყობით. ტრეინინგების ფარგლებში სემინარებს ჩაატარებენ გერმანიისა და მაკედონიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისების ექსპერტები: იენს გიუზე, იენს ჰერმან ტროინერი და ივან იგნატოვი.

საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს კონტროლის პალატა ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებას 2012 წლიდან დაიწყებს.

2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატაში შემუშავებულ იქნა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ეფექტიანობის რამოდენიმე საპილოტე აუდიტი.

ეფექტიანობის აუდიტი წარმოადგენს თანამედროვე, სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას და მნიშვნელოვანწილად აფართოვებს კონტროლის პალატის აუდიტის მასშტაბს. ბიუჯეტის მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით ეფექტიანობის აუდიტი ახლებურ მიდგომას გულისხმობს და მოიცავს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას. ეფექტიანობის აუდიტი იძლევა შესაძლებელია კანონიერად თუმცა არასწორად და არაეფექტიანად გამოყენებული სახსრების გამოვლენის საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს არანაკლებ ზარალს მიაყენებს.

ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს შეუწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას.

იხ. ტელესიუჟეტები

Thursday, November 24, 2011

გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად


გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატამ შეხვედრა მოუწყო ქუთაისის „ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს, სადაც ოჯახებად ცხოვრობენ ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.

შეხვედრაზე „ბავშვთა სოფელის” აღსაზრდელებმა კონტროლის პალატის ოფისი დაათვალიერეს და მის საქმიანობას გაეცნენ. მოსწავლეებს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა თარხნიშვილი და სხვა თანამშრომლები შეხვდნენ. მიღების შემდეგ მოეწყო საზეიმო ვახშამი.

„ბავშვთა სოფელი” მცირე საოჯახო ტიპის სახლებისგან შემდგარი გაერთიანებაა. ის არის საერთაშორისო ორგანიზაცია - SOS Kinder Dorf Internacional–ის წევრი და მის მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 1989 წელს დაფუძნდა, ხოლო ქ. ქუთაისში 2002 წლიდან ფუნქციონირებს.

იხ. ტელესიუჟეტები

აუდიტის შედეგები

საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაატარა ტუბერკულოზის მკურნალობის (ფთიზიატრიის) სახელმწიფო პროგრამის აუდიტი. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამას მართავს სახელმწიფო საწარმო - ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები, კერძოდ:

1. ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტებით მოსამარაგებლად, პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან.

ცენტრის ფინანსური დირექტორის ხელშეწყობით, აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულებებს უფორმებდნენ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში, ისე, რომ ეს კომპანიები ამ დროისთვის და შემდგომ პერიოდში სხვა რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.

2008-2011 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შესყიდვების 31%-ს აჭარბებს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებულთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად. ქირურგიული ოპერაციის ღირებულების 62% შეადგენს სამედიცინო მასალებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილია 4 174 ლარად. აღნიშნული მასალების რეალური ღირებულება კი არ აღემატება 1200 ლარს.

აუდიტით დადგინდა, რომ 2008-2011 წლებში აღნიშნული სამედიცინო მასალები გამოყენებულ იქნა ოპერაციების მხოლოდ 20%-ში. აღნიშნულის მიუხედავად, ძვირადღირებული სამედიცინო მასალის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულია ყველა ოპერაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ სამედიცინო მასალებს ცენტრი ყიდულობს ამავე ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელისაგან.ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 1 122 404 ლარი.

3. ტუბდისპანსერებში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების განთავსების საწოლდღეების ხელოვნურად გაზრდის შედეგად, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 99 400 ლარი.

ემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 357 759 ლარი.

აუდიტის მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მათ საფუძველზე გაატარებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

იხ. ვიდეო მასალა

Monday, November 21, 2011

შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაცია ეწვია. შვედი კოლეგების სტუმრობის მიზანია პალატის თანამშრომლებისთვის ფინანსური აუდიტის შესახებ სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.

დელეგაციის სტუმრობას საფუძვლად უდევს 2010 წელს პალატასა და SNAO-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღნიშნული სემინარები და სამუშაო შეხვედრები 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

Wednesday, November 16, 2011

შიდა და გარე კომუნიკაციები


საქართველოს კონტროლის პალატას ეწვივნენ შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) წარმომადგენლები. შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში შიდა და გარე კომუნიკაციების შესახებ სემინარებს გამართავენ.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის - ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის" - ფარგლებში იმართება. SNAO-ს წარმომადგენლების სტუმრობა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

Wednesday, November 9, 2011

ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტი


საქართველოს კონტროლის პალატას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დელეგაცია თავმჯდომარის, ფრანტიშეკ დოჰნალის მეთაურობით.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია ჩეხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოსა და კონტროლის პალატის ერთწლიანი თანამშრომლობის შემაჯამებელი შეხვედრის გამართვა, ასევე, საჯარო სექტორის მართვის ჩეხური გამოცდილებისა და აუდიტის დასავლური სტანდარტების გაზიარება.

2010 წლიდან ჩეხი კოლეგები ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს ატარებდნენ. შეხვედრების მიზანი კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება იყო.

შეხვედრის შემდეგ ფრანტიშეკ დონალი ქ. რუსთავში იუსტიციის სახლს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოინახულებს.

თანამშრომლობის შედეგების პრეზენტაცია კი ხვალ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 10:30 სთ-ზე გაიმართება.

აღნიშნული თანამშრომლობა UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

იხ. ტელესიუჟეტები

გერმანული გამოცდილების გაზიარება


17-22 ოქტომბერს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებისა და საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელთა დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში.

ვიზიტის მიზანი იყო გერმანიის საანგარიშო პალატის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო და აუდიტის კომიტეტებში, აგრეთვე ფედერალური საანგარიშო პალატის ბერლინის ბიუროსა და ჰამბურგის ფედერალური საანგარიშო პალატის აუდიტის სამმართველოში, საანგარიშო პალატასა და საფინანსო სამსახურში. შეხვედრებისას განხილულ იქნა შემდეგი თემები: ბიუჯეტის კონტროლი საანგარიშო პალატისა და პარლამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, დამოუკიდებელი კონტროლის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და ინსტიტუციონალური პროცედურები, საანგარიშო პალატის მონაწილეობა საბიუჯეტო ციკლის სხვადასხვა ფაზაში, პროგრამული ბიუჯეტის რეფორმა და მისი დანერგვა, საანგარიშო პალატის როლი აღნიშნულ რეფორმებში.