Wednesday, April 27, 2011

პროგრამული ბიუჯეტი


დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიხსნა სემინარი თემაზე: „პროგრამული ბიუჯეტი საქართველოში: რეფორმის პროცესში მონაწილე მხარეები და მათი როლი“

აღნიშნული სემინარი საქართველოში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვას ეძღვნება, რაც საჯარო სექტორის მოდერნიზების მიზნით მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. რეფორმების მიზანი, კი საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაა.

სემინარზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: პროგრამული ბიუჯეტის მნიშვნელობა საჯარო სექტორის მართვაში; პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემები; რეფორმაში მონაწილე მხარეთა როლი და ფუნქციები. სემინარზე ძირითადი ყურადღება ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს დაეთმობა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ფინანსების მართვისა და რეფორმების მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი და კონტროლის პალატა.

სემინარი ტარდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, კონტროლის პალატისა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა გარდა, მოხსენებით წარსდგებიან და მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ პოლონელი და ესტონელი ექსპერტები.

ზემოხსენებული მონიტორინგის სპეციალური ჯგუფის წევრები არიან: კონტროლის პალატის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახაზინო სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები.

სემინარს ასევე დაეწსრებიან საქართველოს დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელი პირები და სხვა წარმომადგენლები.

სემინარი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

იხ. ტელესიუჟეტები

Tuesday, April 19, 2011

NIK-ის დელეგაცია პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (NIK) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დელეგაციას NIK-ისა და EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორი ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იაცეკ იეჟიერსკი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის მიზანია კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების გაცნობა და პალატის ხელმძღვანელობასთან ერთად ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის განხილვა.

კონტროლის პალატაში ვიზიტის დასრულების შემდეგ იაცეკ იეჟიერსკი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც ვიცე-სპიკერს, მიხეილ მაჭავარიანსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: კონტროლის პალატისა და პარლამენტის ურთიერთობა, კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, საკანონმდებლო მხარდაჭერა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კონტროლის პალატის ურთიერთობის მნიშვნელობა, ბიუჯეტის დაგეგმარებაში კონტროლის პალატის ჩართულობა და კონტროლის პალატის როლი საჯარო ფინანსების მართვაში.


კონტროლის პალატის მიზანია, პოლონეთის წარმომადგენლობასთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის გზით, ევროპულ აუდიტორულ ორგანიზაციასთან გაააქტიუროს ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის კომპლექსური პროცესი, რომელიც პოლონეთში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, საქართველოში ახლახან დაიწყო. ასევე, პოლონეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების კუთხით, მათი გამოცდილების გასაზიარებლად და იმ რეფორმების ეფექტიანად გასატარებლად, რომლებიც იგეგმება საქართველოში.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით, საქართველოს კონტროლის პალატის მჭიდრო ურთიერთობებს პოლონეთისა და საერთო ევროპულ აუდიტორულ ორგანიზაციებთან განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.

Thursday, April 14, 2011

ელექტრონული აუქციონი


ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზაციის მიზნით გასაყიდად გამოტანილი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები 15 ლოტად:

იხილეთ სრულად: PDF ვერისა

საპარლამენტო კომისია პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კონტროლის პალატამ რეფორმის მიმდინარეობისა და გასული წლის საქმიანობის შედეგები წარადგინა.

საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი დროებითი საპარლამენტო კომისია ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას და შესაბამის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

2010 წელს კომისიის რეკომენდაციით საქართველოს პარლამენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობა და ის შედეგები, რომლებიც მიღწეულია ახლადდაწყებული რეფორმის მიმდინარეობისას.

აღნიშნულ სხდომაზე საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს მოხსენებება 5 ძირითად საკითხზე:
  1. რისკებზე დაფუძნებული აუდიტის მნიშვნელობა, მისი შედეგების სანდოობა საჯარო ფინანსების მართვაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  2. ფინანსური აუდიტის ახალი მეთოდოლოგიის, მისი არსისა და უპირატესობების შესახებ;
  3. სამართლებრივი ბაზის რეფორმა და სტრატეგიული განვითარება;
  4. პროგრამული ბიუჯეტი, კონტროლის პალატის როლი საბიუჯეტო მართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში;
  5. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა აუდიტის პროცესის ხარისხის ამაღლებისათვის.

    საპარლამენტო კომისიის წევრები არიან: ბეჟან ბუცხრიკიძე, კონსტანტინე გამსახურდია, რამაზ თედორაძე, პავლე კუბლაშვილი, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რატი მაისურაძე, გიორგი მელაძე, დავით ნადაშვილი და გურამ ჩახვაძე.