Monday, February 27, 2012

მონიტორინგის სამსახურის ბრიფინგი



დღეს, 27 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ ბრიფინგი გამართა.
საქართველოს კონტროლის პალატამ კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე შეისწავლა შპს „ქართუ მშენებელის“ თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ შემოწირულობის განხორციელების მართლზომიერების საკითხი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზეა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ფაქტი.
ნუგზარ ხუციშვილს შპს „ქართუ მშენებელში“ რამდენიმე წლიანი მუშაობის განმავლობაში პრემია არასოდეს მიუღია. მისი თვიური ხელფასია 1000 ლარი. შესაბამისად, 1 წელიწადში ხელფასის ჯამური ოდენობა შეადგენს 12.000 ლარს. “ქართუ მშენებელთან“ გარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40. 000 ლარი, საიდანაც 20.000 ლარი 3 დღეში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შეიტანა.
1) საქმის შესწავლისას ნუგზარ ხუციშვილის მიერ ჩვეულებრივისაგან განსხვავებული რაიმე სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი წახალისების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, ვერ დადასტურდა.
2) მიღებული პრემია სრულიად შეუსაბამოა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და ხელფასის ოდენობასთან.
3) პრემიის მიღებიდან სულ რაღაც სამ დღეში შპს „ქართუ მშენებელის“ მიერ თითქოსდა პრემიის სახით გაცემული თანხა ხვდება „ქართული ოცნების“ ანგარიშზე.


ამდენად, სახეზეა იურიდიული პირის მიერ კანონით აკრძალული შემოწირულობის განსახორციელებლად სხვა პირის, კერძოდ, ნუგზარ ხუციშვილის გამოყენება, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

საქართველოს კონტროლის პალატამ კანონის შესაბამისად, უკანონო შემოწირულობის ( 20.000 ლარის ) ათმაგი ოდენობით დააჯარიმა როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე შპს „ქართუ მშენებელი“

დაჯარიმდა ასევე „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც ცნობილი იყო მის ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის თაობაზე, რომელიც კანონის შესაბამისად 3 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა უკან შემომწირველისათვის. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონი, არც საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვა გაითვალისიწინა და საერთოდ, უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიმართ გამოყენებულ იქნა სანქციები. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაცია კანონის შესაბამისად დაჯარიმდა უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით - 200.000 ლარით, მის ანგარიშზე არსებული უკანონო შემოწირულობა კი გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ჩვენი ინფორმაციით, ამგვარი კანონსაწინააღმდეგო და მსგავსი სქემების გამოყენებით ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტების პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები. კანონმდებლობა არ ზღუდავს მოქალაქეებს, თავისი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით კანონის შესაბამისად განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა და შემოწირულობები.

ტელევიიზიით გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქველმოქმედო ფონდის არსებობის შესახებ. საქართველოს კონტროლის პალატა კანონით მონიჭებული მანდატის შესაბამისად, გამოითხოვს ინფორმაციას აღნიშნული ფონდის ფინანსური საქმიანობის შესახებ შემდგომი შესწავლის მიზნით.

Saturday, February 25, 2012

ელექტრონული დეკლარირების პროგრამა


გაცნობებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკურ სუბიექტებთან უფრო ეფექტური და მოქნილი კომუნიკაციის მიზნით, შექმნა ახალი ვებინტერფეისის მქონე ელექრონული დეკლარირების პროგრამა, რომლის მიზანია შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის მიღების, დამუშავების და ანალიზის პროცესის გამარტივება, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ საშუალება, უფრო მარტივად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

ვებინტერფეისის მქონე ელექტრონული დეკლარირების პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს კონტროლის პალატაში 2012 წლის 27 თებერვლიდან იწყება. პრეზენტაციის პარალელურად ჩატარდება ტრენინგი, რათა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს დეტალურად განემარტოთ ელექტრონული დეკლარირების მოხმარების წესები და გადაეცეთ მომხმარებლის პერსონალური სახელები ინდივიდუალურ პაროლებთან ერთად. ტრენინგის პროცესის დასრულებამდე, პარტიებს მიეცემათ სატესტო ვერსიაში მუშაობის საშუალება, რათა უფრო დეტალურად და ამომწურავად გაეცნონ მუშაობის წესს და პრინციპებს, რის შემდეგაც ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უკვე სავალდებულო იქნება შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია შეავსონ ვებგვერდის მეშვეობით, საიდანაც ბუღალტრის მიერ შევსებული და თავმჯდომარის (პასუხისმგებელი პირის) მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოწირულობის შესახებ ინფორმაციის შემცველი ფორმა ავტომატურად მოხვდება საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღარ იქნება სავალდებულო ინფორმაციის გადმოგზავნა საგანგებოდ შექმნილ ელექტრონულ მისამართზე cpu@control.ge და მას ჩაანაცვლებს ვებინტერფეისის მქონე ელექტრონული დეკლარირების სისტემა, თუმცა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის სავალდებულო რჩება შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის დედნების წარმოდგენა საქართველოს კონტროლის პალატის კანცელარიაში.

როგორც თქვენთვის ცნობილია, პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის მოწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატა და რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ვალდებულება შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს სამ დღეში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ ინფორმაციის ვებინტერფეისის მეშვეობით მოწოდების წესს, რაც არის ძალზედ მარტივი და მიზნად ისახავს დეკლარირების უფრო ცივილური ფორმით განხორციელებას და ანალიზის გამარტივებას.

ამდენად, საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგზე გამოცხადდეს პოლიტიკური სუბიექტის ბუღალტერი და თავმჯდომარე (ან თავმჯდომარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით განსაზღვრული პირი). იმისათვის, რომ ტრენინგამდე დეტალურად მომხდარიყო სიახლის გაცნობა, პოლიტიკურ სუბიექტებს დაეგზავნათ ვებინტერფეისის სატესტო ვერსიის მისამართი და სატესტო პაროლები, დაეგზავნათ ასევე ფორმების შევსების და მოწოდების დეტალური ინსტრუქცია. მუშაობის შედეგად გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, ყველას შეეძლება დაგვიკავშირდეს ცხელი ხაზის მეშვეობით და ჩვენი კონსულტანტებისაგან მიიღოს დეტალური განმარტებები. ტრენინგამდე სატესტო ვერსიაში მუშაობა ყველა სუბიექტს დაეხმარება პრეზენტაციისათვის იყვნენ უფრო მომზადებულები, დასვან ყველა ის შეკითხვა და გააჟღერონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში გაუჩნდებათ.

ტრენინგი გაიმართება 27 თებერვალს ორ ეტაპად - 12 საათსა და 4 საათზე. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური სუბიექტების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს კონტროლის პალატის ცხელი ხაზის მეშვეობით 243 81 53.

Monday, February 20, 2012

ბრიფინგი კონტროლის პალატაში

დღეს, 20 თებერვალს, 13 საათზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური საქმიანობის კანონიერებაზე მონიტორინგის განხორციელებისას კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს მათ მიერ წარმოდგენილი წლიური საფინანსო დეკლარაციის სისრულე, სისწორე და კანონიერება. როგორც თქვენთვის ცნობილია, პოლიტიკურ პარტიებს ამოეწურათ წინა წლის საფინანსო დეკლარაციის წარმოდგენის ვადა და შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახორციელებს მათ შესწავლას.

პოლიტიკური გაერთიანების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა წარმოდგენილი წლიური საფინანსო დეკლარაცია აუდიტის დასკვნასთან ერთად. ფიზიკურ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობების შესწავლის შედეგად გვაქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით რამდენიმე პირის გამოყენების გზით. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე.

საქართველოს კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობის და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევთ წინადადებას, კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95.848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილ იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილი შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა.

მაგალითისთვის: მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“ 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12.000 ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით -1000 ლარი.

2012 წლის 6 თებერვალს, ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელისაგან“ პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40.000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი 4 წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20.000 ლარი პრემიის მიღებიდან 3 დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა.

სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას.

გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.

ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატისთვის პრიორიტეტულია სამართალდარღვევის პრევენცია, „ქართულ ოცნებას“ მივმართავთ წინადადებით, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნოს უკან შპს „ქართუ მშენებელს“.

ვიზიტი პოლონეთში


14–16 თებერვალს საქართველოსკონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისს (NIK) ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დელეგაციას NIK თავმჯდომარე იაცეკ იეჟიერსკი მასპინძლობდა.

ვიზიტის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატასა და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისს შორის ორმხრივი სამომავლო თანაშმრომლობის საკითხები.

Monday, February 13, 2012

მონიტორინგი ს სამსახურის განცხადება


დღეს, 13 თებერვალს, 13 საათზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძე გააკეთა განცხადება არასამეწარმეო იურიდიული პირი „რესპუბლიკური ინსტიტუტისა“ და ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ.
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2012 წლის 8 თებერვალს ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა არასამეწარმეო იურიდიულ პირებს - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ და „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“. „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე რესპუბლიკურ პარტიას, რადგან ზემოაღნიშნული იურიდიული პირი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირებულ ორგანიზაციას და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება.
ორგანიზაციამ - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა. ანალიზის შედეგად ამ ორგანიზაციის კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან არ დადგინდა. ამ ორგანიზაციას მიღებული აქვს გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მისი ხარჯები არ არის დაკავშირებული პოლიტიკური შინაარსის საქმიანობასთან. შესაბამისად, ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ არ წარმოადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“, ეს ორგანიზაცია თავად საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მიერვე განსაზღვრულია როგორც პარტიასთან ასოცირებული იურიდიული პირი და ბუნებრივად არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სუბიექტი. მასზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და შესაბამისად, ის ექცევა საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის ქვეშ. ამასთან, რესპუბლიკურ ინსტიტუტს არ ეზღუდება სამოქალაქო აქტივობის განხორციელება, იმავე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მან დაუსაბუთებელი უარი განაცხადა მასთან ასოცირებული იურიდიული პირის „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე და ჩვენთან აბსოლიტურად უპერსპექტივო იურიდიულ დავაში შემოვიდა. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და საზოგადოებისათვის პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშბრუნვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. შედეგი კი სახეზეა და მოგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ წარმოადგინა ინფორმაცია მათი ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე, რასაც გავხდით საჯაროს და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა მისი გაცნობის საშუალება.

Friday, February 10, 2012

კონტროლის პალატის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან


დღეს, 10 თებერვალს, 13 სთ-ზე საქართველოს კონტროლის პალატამ გამართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის გაცნობა.

Thursday, February 9, 2012

შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

2012 წლის 9 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის ახლად შექმნილი სამსახური წარუდგინა.

შეხვედრა დღის პირველს საათზე სასტუმრო Holiday Inn-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. სტუმრები გაეცნენ კონტროლის პალატაში რეფორმების შედეგად მიღწეულ წარმატებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური წარუდგინა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ კონტროლის პალატის ხედვა გააცნო. სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზნებს და ამოცანებს, გაწეულ საქმიანობას და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეულ შედეგებს, სამსახურის გეგმებს და პოლიტიკურ სუბიექტებთან ურთიერთობისთვის შემუშავებულ ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს.

<>აღინიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და დემოკრატიული პრინციპეპის დაცვით განახორციელებს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გაგება უზრუნველყოფილ იქნება გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე და არ მოხდება სამოქალაქო სექტორის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. არ შეიზღუდება სამეწარმეო, ბიზნეს საქმიანობა და საკუთრების უფლება.

საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა. აღინიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობის ეფექტურად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების უფრო დეტალურად გაცნობა და პრაქტიკული რეკომენდაციების გათვალისწინება, რის უზრუნველსაყოფადაც კონტროლის პალატის მხრიდან არსებობს მზაობა, სპეციალურად გამოყოფილი საკონტაქტო პირების მეშვეობით მოხდეს ინფორმაციის მიწოდება და მოსაზრებების გაცვლა.

შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიული იყო. დიპლომატების მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედების ირგვლივ, ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებით.

საქართველოს კონტროლის პალატა დიპლომატიურ კორპუსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.

იხ. ტელესიუჟეტები

Wednesday, February 8, 2012

მონიტორინგის სამსახურის მიმართვა


დღეს, 8 თებერვალს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გააკეთა მიმართვა არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტისა“ და ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივისადმი“.

იხილეთ მიმართვის ტექსტი:

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით, დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით, მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს.

ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა”.

დღესვე საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.control.ge) გამოქვეყნდება პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წლიური დეკლარაციები.

Tuesday, February 7, 2012

სახელმწიფო შესყიდვები, კორუფციისა და გამჭვირვალობის ასპექტები


დღეს, 7 თებერვალს საქართველოს კონტროლის პალატაში დაიწყო 2- დღიანი სემინარი აუდიტორებისთვის: „კონტროლის პალატა და სახელმწიფო შესყიდვები, კორუფციისა და გამჭვირვალობის ასპექტები“.

სემინარს უძღვება ბრემენის საანგარიშო პალატის ყოფილი პრეზიდენტი ლოთარ შპილჰოფი.

სემინარის ფარგლებში განიხილება საკითხები:

• შესაბამისობის აუდიტი და შესყიდვების პროცესი;

• გარე საფინანსო კონტროლის როლი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

• ეფექტიანობის აუდიტი და შესყიდვების პროცესი კორუფციის ასპექტების გაათვალისწინებით.

Monday, February 6, 2012

ისრაელის სახელმწიფო კონტროლიორის ვიზიტი


საქართველოს კონტროლის პალატას ისრაელის სახელმწიფო კონტროლიორი და ომბუდსმენი მიხა ლინდენსტრაუსი ეწვია. მას კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს კონტროლის პალატასა და ისრაელის უმაღლესი აუდიტორულ ორგანოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწევებზე, ასევე კონტროლის პალატაში საერთასორისო აუდიტორული სტანდარტების დანერგვასა და დასავლური გამოცდილების გაზიარებაზე.

მონიტორინგის სამსახურის განცხადება


საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ შეასრულა საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტოორინგის სამსახურის კანონიერი მოთხოვნა და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, იურიდიული პირისაგან უკანონოდ მიღებული შემოწირულობა 1.100.000 (ერთი მილიონ ასი ათასი ლარი) ლარის ოდენობით - შპს „ელიტა ბურჯს“ უკან გადაურიცხა.
საქართველოს კონტროლის პალატა კარგად აცნობიერებს კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღი და კონკურენტული პოლიტიკური-სარჩევნო გარემოს შექმნას და ყველა სუბიექტს, განურჩევლად მათი პოლიტიკური ხედვისა და სიმპატიებისა, მიეცეს საშუალება თანასწორუფლებიან პირობებში აწარმოოს პოლიტიკური საქმიანობა.
საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს და მოუწოდებს მათ, საქმიანობა განახორციელონ კანონის მოთხოვნების ფარგლებში, რადგან კანონის რეგულაციების გვერდის ავლის ყველა მსგავსი მცდელობა გახდება საჯარო საზოგადოებისათვის და გამოყენებულ იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

წერილი "ქართულ ოცნება"–ს


საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილი "საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნება"–ს
იხ. PDF ვერსია