Thursday, December 29, 2011

წლის შემაჯამებელი შეხვედრა


2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ საქმიანობა წარმართა დასახული გეგმების შესაბამისად. შემოწმდა ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებიც აუდიტის გეგმების სახით საზოგადოებას წინასწარ ეცნობა წლის დაწყებამდე.

2011 წელი კონტროლის პალატისათვის მნიშვნელოვანი იყო როგორც დაკისრებული ფუნქციების შესრულების, ასევე ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით.

საქართველოს კონტროლის პალატამ 2011 წელს ჩაატარა 120-ზე მეტი აუდიტი. შემოწმდა 3.5 მილიარდ ლარზე მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგად, ბიუჯეტის დაზოგვასა და შემოსავლების მატებაში კონტროლის პალატის წვლილმა40 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გასულ 2011 წელს შემოწმებული სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და პროგრამებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი პროექტები:

  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომელმაც მოიცვა:
      დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები
    • ტუბერკულიოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
  • ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელმაც მოიცვა:
      საქართველოს საჯარო სკოლები;
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ჰოსპიტალური სექტორი:
    • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
    • აკ. ო. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
  • სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია:
    • შიდა ქართლის რეგიონი
    • კახეთის რეგიონი

აღნიშნულის გარდა, გასულ 2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ განახორციელა სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები:

  • ფინანსური აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიაში გადამზადა კონტროლის პალატის ყველა აუდიტორი
  • შემუშავდა და დამტკიცდა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო
  • უწყებაში დაინერგა ხარისხის კონტოლის სისტემა
  • ამოქმედდა საინფორმაციო-ტექნოლოგიების ახალი სისტემა
  • საქართველოს რეგიონებში 3 სხვადასხვა უნივერსიტეტთან დაიწყო თანამშრომლობა სტუდენტთა და მაგისტრანტთა სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაღრმავდა კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობები, რაც ხელს უწყობს საქართველოში საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას:

  • საფუძველი ჩაეყარა ორმხრივ თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა პოლონეთის, ჩეხეთისა და ლიტვის სახელმწიფო აუდიტორული ორგანოები.
  • კონტროლის პალატამ თანამშრომლობა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ანგარიშვალდებულების სამსახურის ექსპერტებთან.
  • აუდიტის უმაღლესი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ეგიდით საქართველოს კონტროლის პალატამ პირველად უმასპინძლა აუდიტის კომიტეტის სხდომას, რომელსაც 15 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრადიციულად, საქართველოს კონტროლის პალატამ 2012 წლის აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, განაახლა საჯარო ინტერესთა ნუსხა და განსაზღვრა 10 პრიორიტეტული სფერო, რომელსაც უწყება შეამოწმებს 2012 წლის განმავლობაში.

წლის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ პალატის წლის საუკეთესო აუდიტორები და დასახელდა პალატის წლის საუკეთესო დეპარტამენტი.

Wednesday, December 28, 2011

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა - 2012


შესავალი და განმარტებები
ნუსხაში შეტანილი პროგრამა თუ ღონისძიება არის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის არეალში. პროგრამისა თუ ღონისძიების ნუსხაში შეტანით საქართველოს კონტროლის პალატა საჯაროდ აცხადებს, რომ ღონისძიებას, პროგრამას, მის განმახორციელებელ სუბიექტს თუ მთლიანად სისტემას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

პროგრამისა თუ ღონისძიების განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში შეტანა განხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად და ობიექტურად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის, აუდიტის შედეგების) საფუძველზე.

წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით (დასაწყისისთვის 2 წელიწადში ერთხელ) საქართველოს კონტროლის პალატა მოახდენს განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხის გადახედვა -განახლებას, რაც ნიშნავს არა მხოლოდ პროგრამისა თუ ღონისძიების ნუსხიდან ამოღებას, არამედ ნუსხაში ახლის დამატებასაც.

ახალი რეალობების გათვალისწინებით, საჭიროების შესაბამისად, მოხდება არა მხოლოდ ნუსხის, არამედ კრიტერიუმების განახლებაც, რაც ნიშნავს, რომ კრიტერიუმის რაიმე პარამეტრის ცვლილებას ან ახალი კრიტერიუმის შემუშავებას. განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში პროგრამისა თუ ღონისძიების შეტანა უპირობოდ არ ნიშნავს, რომ იგი ან მაღალი რისკისაა ან არსებობს დარღვევები.

ნუსხაში შესაძლებელია მოხვდეს პროგრამა, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესისა და საჯარო დებატების საგანია. განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში პროგრამა თუ ღონისძიება შესაძლებელია მოხვდეს არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმის შესაბამისად.

იხ. ვრცლად: PDF ვერსია

2012 წლის 10 პრიორიტეტი


უკვე მესამე წელია საქართველოს კონტროლის პალატა აგრძელებს ტრადიციას და აქვეყნებს საჯარო ინტერესთა ნუსხას და იმ 10 პრიორიტეტულ სფეროს, რომელსაც კონტროლის პალატა შეისწავლის მომდევნო, 2012 წლის განმავლობაში.
საჯარო ინტერესთა ნუსხა არის იმ მიმართულებათა ჩამონათვალი, რომელიც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის საგანსწარმოადგენს, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აუდიტორული და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებით.
იხ. ვრცლად: PDF ვერსია
იხ. ტელესიუჟეტები

Monday, December 19, 2011

საქართველოს კონტროლის პალატაში დასრულდა კანდიდატების პირველადი შერჩევის ეტაპი

საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაასრულა აპლიკანტთა პირველადი შერჩევის ეტაპი, რომელიც მოიცავდა ყველა მიღებული განაცხადის განხილვასა და შერჩევას გამოცხადებული ვაკანსიების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს 19 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით დაუკავშირდება კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების სამსახური და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება იმ სა- კომუნიკაციო საშუალებებით, რომლებიც მითითებულია განაცხადში.

იმ კანდიდატებზე, რომელთაც არ დაუკავშირდებიან 23 დეკემბრის 18.30 საათამდე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყურადღება არ შეჩერდა. თქვენი თანხმობით, კონტროლის პალატა პერსონალის ბაზაში განათავსებს თქვენს CV-ებს და საჭიროების შემთხვევაში, დაგიკავშირდებიან.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. პროფესიული ცოდნის შემოწმება;
2. კონტროლის პალატის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, კონტროლის პალატის როლის, მანდატის, მისიისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ცოდნის დონის შემოწმება (აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონტროლის პალატის ვებგვერდზე www.control.ge);
3. უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმება.
გმადლობთ.

Monday, December 12, 2011

ეფექტიანობის აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ. შვედი სტუმრები პალატაში ეფექტიანობის აუდიტის შესახებ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

SNAO-ს წარმომადგენლების სტუმრობა კონტროლის პალატაში 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.