Thursday, June 30, 2011

HR-ის მართვის სტრატეგია


საქართველოს კონტროლის პალატას SNAO-ს (შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი) წარმომადგენლები ეწვივნენ. შვედი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, სადაც განხილული იქნება კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია და მისი ძირითადი მიზნები. შეხვედრებზე ასევე მოხდება შვედური გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნული შეხვედრა, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, შვედ კოლეგებთან რიგით მესამეა. SNAO-ს წარმომადგენლები კონტროლის პალატაში ორ დღეს დაჰყოფენ.

Wednesday, June 29, 2011

მრგვალი მაგიდა „ქორთიარდ მერიოტში“


29 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო ორგანიზიაცია SIGMA-ს (Support for Improvement in Governance and Management) ორგანიზებით საქართველოს კონტროლის პალატის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა. მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კონტროლის პალატა, SIGMA, ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისი და პოლონელი და შვედი ექსპერტები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კონტროლის პალატის აუდიტორთა გადამზადების პროგრამასა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების მომზადებას. ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: საპილოტე აუდიტი ლატვიელ კოლეგებთან ერთად; სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტი და ლატვიისა და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გამოცდილების გაზიარება.

Thursday, June 23, 2011

შეხვედრა ბათუმელ სტუდენტებთან


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე და კონტროლის პალატის აუდიტორები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა და პროფესორებისთვის კონტროლის პალატის საქმიანობის გაცნობა და სტუდენტების საჯარო სექტორის მართვითა და აუდიტით დაინტერესება, რაც მათ სამომავლოდ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

შეხვედრაზე კონტროლის პალატის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განხორციელდეს აუდიტორ-სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა საქართველოს კონტროლის პალატაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რათა აუდიტის სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი, ხოლო მათგან საუკეთესოებმა, საკუთარი კარიერა კონტროლის პალატაში განაგრძონ.

პალატის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონტროლის პალატის ახალი მანდატი; აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები; მოქალაქეთა ინფორმირება და საბიუჯეტო გამჭვირვალობა; პროფესიის სწორად არჩევა საკუთარი და საზოგადოების უკეთესი მომავლისათვის.

იხ. ტელესიუჟტები

Friday, June 17, 2011

აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა


ქუთაისში, საქართველოს კონტროლის პალატის სათავო ოფისში, აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობას 25 სტაჟიორი იღებდა. კურსდამთავრებულებს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა თარხნიშვილმა სერტიფიკატები გადასცა, მათ შორის საუკეთესოები, კი კონტროლის პალატაში დასაქმდებიან.

სტაჟირების მიზანი იყო პროგრამის მონაწილეების დახმარება აუდიტორული საქმიანობის უნარ-ჩვევების ათვისებაში.

Tuesday, June 14, 2011

მოხსენება პარლამენტში


საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის ახალი მანდატის ფარგლებში აუდიტის ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული აუდიტების პირველმა და ხელშესახებმა შედეგებმა თვალსაჩინოდ წარმოაჩინა რისკზე დაფუძნებული აუდიტის უპირატესობები. მაგალითად, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტმა მოიცვა 6 მილიარდ 947 მილიონი ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხები და ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ 119 აუდიტით გახდა შესაძლებელი.

საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზები პალატის მოხსენებაში ხუთ ჯგუფად არის დაყოფილი:

  1. ფინანსური აღრიცხვიანობის სისტემური მოუწესრიგებლობა;
  2. საბიუჯეტო პროგრამების შედგენის, დამტკიცებისა და გაუქმების სისტემური გაუმართაობა;
  3. წინასწარი გადახდები და დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების მართვა;
  4. საჯარო დაწესებულებათა სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვის მდგომარეობა;
  5. არასწორი დაგეგმვა და მართვა (როგორც ფისკალური პოლიტიკის ნაწილი), მისი გავლენა ფულადი მასის ზრდასა და ინფლაციაზე.

    საბიუჯეტო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, აგრეთვე გრძელვადიან დაგეგმვასა და შედეგზე ორიენტირებული საბიუჯეტო მართვის პრინციპებზე გადასასვლელად, საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებაში 4 მიმართულებით მოცემულია 9 რეკომენდაცია.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები


საქართველოს კონტროლის პალატამ დაასრულა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების აუდიტი. წინასწარი აუდიტის ფარგლებში დადგენილი ფინანსური და პროგრამული რისკების გათვალისწინებით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა მრავალმხრივი არსებითი დარღვევები და ნაკლოვანებები:
2008-2010 წლებში უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 311,3 მილიონი ლარიდან, დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურებაში გაიხარჯა მხოლოდ 164,5 მილიონი, რაც პროგრამების ჯამური ბიუჯეტის მხოლოდ 53 %-ს შეადგენს.
წლიურად დაზღვეული 808,0 ათასი უმწეო მოქალაქიდან დაზღვევით ისარგებლა მხოლოდ 13,8%-მა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული შემთხვევების 45.1 %-ის ღირებულება არ აღემატება 20 ლარს. შესაბამისად, რეალური ფინანსური რისკების დაზღვევის სიკეთით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 10 %-მა.
სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულება დროულად არ გაფორმებულა დაზღვეულთა 75 %-თან;
დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება.
პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი (430- ოჯახის წევრით), რაშიც გადახდილია 109,9 ათასი ლარი.
დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც ჯამში უკანონოდ გაიცა 3,7 მილიონი ლარი.
დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3,743 მოქალაქის ჩანაწერი. მათ დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი.
დაზღვეული 3,255 უმწეო პირი ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3,183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა 12 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატა განაგრძობს საჯარო დაზღვევაში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამების მართვის გასაუმჯობესებლად შესაბამისი უწყებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს.

იხ. ტელესიუჟეტები

Monday, June 13, 2011

ფინანსური აუდიტი და ხარისხის კონტროლი


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაცია ეწვია. ვიზიტი 16 ივნისამდე გასტანს და მისი მიზანია სემინარების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება თემაზე ფინანსური აუდიტი და ხარისხის კონტროლი.

დელეგაცია კონტროლის პალატას 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე სტუმრობს. ზემოხსენებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ დახმარება გაეწიოს საქართველოს კონტროლის პალატას თავისი მანდატის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებასა და საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში საკუთარი როლის ეფექტიანად შესრულების საქმეში.

Friday, June 10, 2011

ჰოსპიტალური სექტორის აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ობიექტების აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და ნაკლოვანებები:

1) სამედიცინო მომსახურებათა ღირებულების გამჭვირვალე გაანგარიშების არარსებობა:
• სამედიცინო ტარიფები ეფუძნება დაუსაბუთებელ ისტორიულ სტატისტიკას
2) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების არაჯეროვანი ფინანსური მართვა:
• პროგრამული საბიუჯეტო თანხების არასწორად ანაზღაურება
• პაციენტთა მომსახურების არამართლზომიერად ანაზღაურება
• პაციენტთათვის გაწეულ მომსახურებათა არასწორი აღრიცხვიანობა
3) სახელმწიფო ქონების არაეფექტიანად მართვა
• მოიჯარეები დროულად არ იხდიან საიჯარო ქირას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება
• საიჯარო ფართები გაცემულია არასაბაზრო ფასებით
4) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების დარღვევა:
• ფიქტიური კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვებში
• მიმწოდებლები საავადმყოფოებს ჯეროვნად და დროულად არ აწვდიან შესყიდულ საქონელს/მომსახურებას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებების ფინანსური მართვის გასაუმჯობესებლად საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას უწევს, დაუყოვნებლივ განახორციელოს მათი პრივატიზაცია.

იხ. ტელესიუჟეტები

Wednesday, June 8, 2011

სკპ-ის საქმიანობის 2010 წლის ანგარიში


ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ რეგიონალურ ოფისში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კონტროლის პალატის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კონტროლის პალატამ თავისი საქმიანობის 2010 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშთან ერთად პალატის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორიცაა, სამომავლოდ განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები, პალატაში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები, ეფექტიანობის აუდიტი და ხარისხის კონტროლი.

სხდომას ესწრებოდნენ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, დროებითი კომისიის თავმჯდომარე ბეჟან ბუცხრიკიძე და სხვ.

პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ ოფისი, რომელიც იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

იხ. ტელესიუჟეტები

Thursday, June 2, 2011

შეხვედრა თელაველ სტუდენტებთან


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა თარხნიშვილი და დეპარტამენტების უფროსები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა და პროფესორებისთვის კონტროლის პალატის საქმიანობის გაცნობა და სტუდენტების საჯარო სექტორის მართვითა და აუდიტით დაინტერესება, რაც მათ სამომავლოდ საქმიანობაში დაეხმარება.

პალატის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საფინანსო სისტემა და ეკონომიკა, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნქციონირების ორი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტი; მოქალაქის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორც უფლება და სოციალური პასუხისმგებლობა; მოქალაქეთა ინფორმირება და საბიუჯეტო გამჭვირვალობა; პროფესიის სწორად არჩევა საკუთარი და საზოგადოების უკეთესი მომავლისათვის; აუდიტორის უაღრესად საპასუხისმგებლო და პრესტიჟული საქმიანობა (საჯარო სიკეთეზე ზედამხედველობის განხორციელების უნარები და შესაძლებლობები) და სხვ.

სტუდენტებსა და პროფესორებთან შეხვედრაზე კონტროლის პალატა გამოვიდა ინიციატივით, რომ აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზეც განხორციელდეს აუდიტორ-სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა, რათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

უნივერსიტეტში სტუმრობის შემდეგ, 13:00 საათზე, პალატის თანამშრომლები თელავის პირველ საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებსაც შეხვდნენ, სადაც ასევე ისაუბრეს კონტროლის პალატის დანიშნულებასა და საქმიანობაზე.

EUROSAI-ს კონგრესი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის) მე-8 კონგრესში, რომელიც ა.წ. 30 მაისიდან 3 ივნისამდე მიმდინარეობს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში. კონგრესის ორგანიზატორია პორტუგალიის საანგარიშო სასამართლო.

საქართველოს კონტროლის პალატა EUROSAI-ს წევრი 1993 წელს გახდა.

EUROSAI არის INTOSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის) ერთ-ერთი რეგიონალური გაერთიანება, რომელიც 1990 წელს დაარსდა და 50 წევრ ქვეყანას აერთიანებს.

კონგრესი არის EUROSAI-ს უმაღლესი ორგანო, რომელიც აერთიანებს აღნიშნული ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას და იკრიბება სამ წელიწადში ერთხელ. მისი უფლებამოსილებაა შეიმუშავოს სათანადო სახელმძღვანელოები, ჩამოაყალიბოს სხვადასხვა კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები, დაამტკიცოს EUROSAI-ს ბიუჯეტი, საქმიანობის ანგარიშები და ა.შ.

ამასთან, კონგრესი წარმოადგენს ფორუმს გამოცდილების გასაზიარებლად და აქტუალური საკითხების განსახილველად; კონგრესი შეიმუშავებს რეკომენდაციებს მმართველობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების ხელშესაწყობად.

საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევებსა და აქტუალურ პრობლემებზე ადექვატური რეაგირების მიზნით კონგრესზე განიხილება რამდენიმე ძირითადი თემა:

  • საჯარო მოხელეთა თანამედროვე გამოწვევები და მოთხოვნები;
  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოების როლი საჯარო ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულებაში;
  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოების მიერ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების აუდიტი.

კონგრესზე ასევე დამტკიცდება EUROSAI-ს 2011-2017 წლების სტრატეგია.

EUROSAI-ს სტრატეგიული მიზნები წარმოადგენს საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების ნიშნულს. უწყების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება სწორედ ამ მიზნებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.