Thursday, January 26, 2012

საპარლამენტო კომისია პალატაში


კონტროლის პალატას საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს
საპარლამენტის დროებითი კომისია ეწვია. პალატის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს
გასული წლის საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარუდგინეს შემდეგ საკითხებზე:
ხარისხის კონტროლი; საჯარო აუდიტის ინსტიტუტი; ეფექტიანობის აუდიტი; თანამშრომელთა
ტრენინგები; 2011 წელს განხორციელებული აუდიტების შედეგები; ურთიერთობა
საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვ.
საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის
განმახორციელებელი დროებითი საპარლამენტო კომისია ყოველწლიურად ამოწმებს
საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას და შესაბამის რეკომენდაციებს
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. საპარლამენტო კომისიის წევრები არიან: ბეჟან
ბუცხრიკიძე, ანდრო ალავიძე, ჯონდო ბაღათურია, ნუგზარ ერგემლიძე, პავლე კუბლაშვილი,
რატი მაისურაძე, გიორგი მელაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დავით ნადაშვილი, გურამ
ჩახვაძე და ლევან ვეფხვაძე.

ღია კარის დღე კონტროლის პალატაში



2012 წლის 4 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგვერდზე
ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების პროექტი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ
გაერთიანებას საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შესთავაზა.
2012 წლის 18 იანვარს, ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნებიდან გამომდინარე,
ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად, საქართველოს
კონტროლის პალატაში ღია კარის დღე გაიმართა, სადაც ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და
გაცხადებული პოლიტიკური მიზნების და ამოცანების მქონე პირებს შეეძლოთ დეკლარაციის
ფორმების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი
მოსაზრებების დაფიქსირება.
კონტროლის პალატის ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიების
ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსმა და სპეციალისტების ჯგუფმა ამომწურავად განმარტეს წლიური დეკლარაციის
შევსების წესსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
შეხვედრა ინტერაქტიულ, სამუშაო გარემოში წარიმართა. პოლიტიკური გაერთიანებების
წარმომადგენლებმა მსგავსი ფორმატით თანამშრომლობის სურვილი მომავალშიც გამოთქვეს.
პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ, ყოველწლიური დეკლარაციის ფორმები
საბოლოო სახით დამტკიცდება და დეტალურ ინსტრუქციასთან ერთად საქართველოს კონტროლის
პალატის ვებგვერდზე განთავსდება, რომლის მიხედვითაც უკვე შევსებული დეკლარაციების
წარდგენის ვალდებულება ყველა სუბიექტს 2012 წლის 1 თებერვლამდე ექნება.

Monday, January 16, 2012

ბრიფინგი კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შესაბამისი განმარტებითი ბარათი 217 პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიანებას გაუგზავნა. აქედან, დღეისთვის, 125 ადრესატის წერილი უკან დაბრუნდა. კონტროლის პალატა მზადაა, უკან დაბრუნებული წერილები ხელზე გადასცეს ყველა სუბიექტს, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოს კონტროლის პალატაში გამოცხადდებიან.

2012 წლის 4 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგვერდზე ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების პროექტი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას საკუთარი მოსაზრების გაზიარება შესთავაზა, თუმცა დღემდე საგანგებოდ შექმნილ მისამართზე info_spu@control.ge არც ერთი შეკითხვა არ შემოსულა. აღნიშნულის მიუხედავად, ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატა ა.წ. 18-19 იანვარს ღია კარის დღეს აცხადებს, სადაც ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასა და გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მქონე პირებს იწვევს. დეკლარაციის ფორმების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია კონტროლის პალატაში დღეიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია აგრეთვე კონტროლის პალატის ცხელის ხაზის საშუალებით: 2 438 153

ყოველწლიური დეკლარაციის უკვე საბოლოო ფორმები საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსდება, რომლის მიხედვითაც უკვე შევსებული დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ყველა სუბიექტს 2012 წლის 1 თებერვლამდე ექნება.

იხ. ტელესიუჟეტები

Wednesday, January 4, 2012

თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან


2011 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა.

ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად:

  • პარტიებისთვის საინტერესო ინფორმაცია განთავსდება კონტროლის პალატის ვებგვერდზე: www.control.ge.
  • პარტიებს ექნებათ საშუალება ნებისმიერი შეკითხვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info_cpu@control.ge.
  • კონტროლის პალატამ ცხრილის სახით შეიმუშავა ანგარიშგების ფორმა, რომელიც განთავსებულია პალატის ვებგვერდზე. რასაც თან ახლავს დეტალურად განმარტებული ანგარიშის შევსების წესი.
  • პოლიტიკური პარტიის მიერ ინფორმაცია ნებისმიერი სახის შემოწირულობის მიღების შესახებ უნდა გადმოიგზანოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისმართზე: cpu@control.ge.
  • კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსებულია ყოველწლიური „ფინანსური დეკლარაციის“ პროექტი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 2012 წლის პირველ თებერვლამდე აქვთ.

კონტროლის პალატა თხოვნით მიმართავს პარტიებს, აცნობონ პასუხისმგებელი საკონტაქტო პირის მონაცემები და ის ელექტრონული მისამართი, საიდანაც რეგულარულად მოხდება ინფორმაციის მოწოდება პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული შემოწირულობების თაობაზე.
შენიშვნების ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, პარტიებს ასევე შეუძლიათ მიმართონ კონტროლის პალატას ცხელი ხაზის მეშვეობით (243 81 53).

კონტროლის პალატა იტოვებს იმედს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთთანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიების ფინანსური საქმიანობისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

იხილეთ ტელესიუჟეტები

Tuesday, January 3, 2012

მემორანდუმი ეროვნულ ბანკთან


საქართველოს კონტროლის პალატასა და საქართველოს ეროვნული ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობას და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. მემორანდუმის საფუძველზე ეროვნული ბანკი კონტროლის პალატას დაეხმარება პარტიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტის დადგენაში.

იხ.ტელესიუჟეტები

საქველმოქმედო-საშობაო აქცია


საქართველოს კონტროლის პალატამ, ტრადიცულად, საქველმოქმედო-საშობაო აქცია, ამჯერად, წეროვანში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისათვის გამართა.

კონტროლის პალატის ხელშეწყობით წეროვანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და პალატის თანამშრომელთა შვილები საახალწლო სპექტაკლს დაესწრნენ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. სპექტაკლის შემდეგ საახალწლო ნაძვის ხესთან პალატის თანამშრომლებმა პატარებს საჩუქრები გადასცეს.

კონტროლის პალატა მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას დევნილ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე.

იხ. ტელესიუჟეტები

ბრიფინგი პარტიების შესახებ


მიმდინარე წლის 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შედეგად, კონტროლის პალატამ შეიძინა დამატებითი ფუნქცია - განახორციელოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კონტროლის პალატაში ბრიფინგი გაიმართა. იხ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადება:

„დღევანდელი ბრიფინგის მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემას და საქართველოს კონტროლის პალატის როლს ამ სისტემაში.
მიმდინარე წლის 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის-გრეკოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა შესაბამისად ითვალისწინებს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმის შემოღებას.
ამ მიზნით, მონიტორინგის ორგანოს მანდატი მიენიჭა საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციას - კონტროლის პალატას, რაც აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა.
შესაბამისად, დღეიდან კონტროლის პალატა შეუდგება დამატებით ამ ახალი ფუნქციის განხორციელებას, რისთვისაც ჩვენს სისტემაში ვქმნით პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობას და პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულებას - კანონის წინაშე ყველა პარტიის თანასწორობის პრინციპის დაცვით.
ჩვენ ასევე მოწოდებული ვართ, ხელი შეუწყოთ პარტიებს თავისი ფინანსური საქმიანობის სწორად და კანონშესაბამისად წარმართვაში და ამ მიზნით მზად ვართ გაუწიოთ შესაბამისი კონსულტაციები. ჩვენთვის კონსტრუქციული ურთიერთობის ეს ფორმატი პრიორიტეტულია, ვინაიდან ჩვენი უპირველესი მიზანია პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და პოლიტიკური კორუფციის პრევენცია.
ამავდროულად, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც შეუსაბამობაში იქნება კანონის მოთხოვნებთან, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დაწყებული პროცესის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია კონტროლის პალატის ძალისხმევასთან ერთად სხვა სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლების და თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და თანადგომა. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას თანამშრომლობისკენ, რათა მოგვაწოდოთ ინფორმაცია კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე.
იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და მათთან დაკავშირებული პირები კეთილსინდისიერად შეასრულებენ ვალდებულებებს კანონისა და საზოგადოების წინაშე და ზედმიწევნით დაიცავენ მათი საქმიანობის საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.“

იხ. ტელესიუჟეტები