Tuesday, September 27, 2011

CAS მე–9 შეხვედრა ბათუმში


ქ. ბათუმში INTOSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაცია) შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის რიგით მე-9 შეხვედრა გაიხსნა. შეხვედრაზე განიხილება საკითები შესაბამისობის აუდიტის ერთიანი თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და აღნიშნული მიმართულებით სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ INTOSAI-ს ეგიდით გამართულ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს კონტროლის პალატა პირველად მასპინძლობს.

ბათუმში მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოს გარდა, კიდევ 13 ქვეყნის (ბრაზილია, დანია, ინდოეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნამიბია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ტუნისი, შვედეთი და ჩინეთი) უმაღლესი აუდიტორული ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გერმანელი ექსპერტი პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ბრემენის საანგარიშო პალატის ექსპერტი იენს გიუზე ეწვია.

13 - 16 სექტემბერს ეფექტიანობის საპილოტე აუდიტის ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ეფექტიანობის საპილოტე აუდიტები მოიცავს ონკოლოგიისა და ეკოტურიზმის განვითარების პროგრამებს.

Tuesday, September 13, 2011

2010 წლის საქმიანობის ანგარიში


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშით საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგა.

ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა შემდეგ თემებზე: საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის მდგომარეობა და აუდიტის შედეგები; კონტროლის პალატის მიღწევები და მიმდინარე რეფორმები; 2010 – 2012 წლების განვითარების სტრატეგია და სხვ.

თავმჯდომარემ ასევე დაასახელა კონტროლის პალატის ორგანიზაციული განვითარების პრიორიტეტები უახლოესი ორი წლის განმავლობაში:

  • ხარისხის კონტროლის დანერგვა;
  • შიდა და გარე კომუნიკაციების გაუმჯობესება;
  • IT ტექნოლოგიების განვითარება.

როგორც ანგარიშშია მითითებული, კონტროლის პალატის მიერ გასულ წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად ბიუჯეტს დაუბრუნდა 8.7 მილიონი ლარი, ხოლო კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე გაწეული რეკომენდაციების შესრულებით სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგა 11.03 მილიონი ლარით. სულ, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა თუ საბიუჯეტო შემოსავლების მატებაში კონტროლის პალატის წვლილმა 44 მილიონი ლარი შეადგინა.

იხ. 2010 წლის ანაგრიში

Thursday, September 8, 2011

ურთიერთგაგების მემორანდუმი


ლიტვაში საქართველოს კონტროლის პალატასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი მიზანია ანგარიშვალდებულების პრინციპის განმტკიცებისა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით, ორი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის პროფესიული დახელოვნებისა და გამოცდილების გასაზიარებლად მხარეებს შორის თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლება.

მემორანდუმის ფარგლებში ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნული სამსახური კონტროლის პალატას გაუწევს კონსულტაციებს, რეკომენდაციებსა და სხვა ექსპერტულ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით: დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, ფინანსური ანგარიშგებების პაკეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, მათ შორის, შემოსავლების აუდიტის ჩათვლით; დასკვნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ანგარიშზე და ინფორმაციული სისტემების აუდიტი.

აღნიშნული მემორანდუმი 2011 - 2012 წლებს მოიცავს.

Wednesday, September 7, 2011

ეფექტიანობის აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ.

შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში ეფექტიანობის აუდიტის შესახებ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს გამართავენ.

აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

შვედი სტუმრები პალატაში 6-დან 8 სექტემბრამდე დარჩებიან

ინფორმაციული ტექნოლოგიები


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისიდან (SNAO) საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ეწვია. სტუმრობის მიზანია პალატის თანამშრომლებთან ერთად საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

აღნიშნული შეხვედრები 6-დან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება