Thursday, December 29, 2011

წლის შემაჯამებელი შეხვედრა


2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ საქმიანობა წარმართა დასახული გეგმების შესაბამისად. შემოწმდა ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებიც აუდიტის გეგმების სახით საზოგადოებას წინასწარ ეცნობა წლის დაწყებამდე.

2011 წელი კონტროლის პალატისათვის მნიშვნელოვანი იყო როგორც დაკისრებული ფუნქციების შესრულების, ასევე ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით.

საქართველოს კონტროლის პალატამ 2011 წელს ჩაატარა 120-ზე მეტი აუდიტი. შემოწმდა 3.5 მილიარდ ლარზე მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგად, ბიუჯეტის დაზოგვასა და შემოსავლების მატებაში კონტროლის პალატის წვლილმა40 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გასულ 2011 წელს შემოწმებული სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და პროგრამებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი პროექტები:

  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომელმაც მოიცვა:
      დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები
    • ტუბერკულიოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
  • ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელმაც მოიცვა:
      საქართველოს საჯარო სკოლები;
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ჰოსპიტალური სექტორი:
    • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
    • აკ. ო. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
  • სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია:
    • შიდა ქართლის რეგიონი
    • კახეთის რეგიონი

აღნიშნულის გარდა, გასულ 2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ განახორციელა სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები:

  • ფინანსური აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიაში გადამზადა კონტროლის პალატის ყველა აუდიტორი
  • შემუშავდა და დამტკიცდა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო
  • უწყებაში დაინერგა ხარისხის კონტოლის სისტემა
  • ამოქმედდა საინფორმაციო-ტექნოლოგიების ახალი სისტემა
  • საქართველოს რეგიონებში 3 სხვადასხვა უნივერსიტეტთან დაიწყო თანამშრომლობა სტუდენტთა და მაგისტრანტთა სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაღრმავდა კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობები, რაც ხელს უწყობს საქართველოში საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას:

  • საფუძველი ჩაეყარა ორმხრივ თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა პოლონეთის, ჩეხეთისა და ლიტვის სახელმწიფო აუდიტორული ორგანოები.
  • კონტროლის პალატამ თანამშრომლობა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ანგარიშვალდებულების სამსახურის ექსპერტებთან.
  • აუდიტის უმაღლესი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ეგიდით საქართველოს კონტროლის პალატამ პირველად უმასპინძლა აუდიტის კომიტეტის სხდომას, რომელსაც 15 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრადიციულად, საქართველოს კონტროლის პალატამ 2012 წლის აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, განაახლა საჯარო ინტერესთა ნუსხა და განსაზღვრა 10 პრიორიტეტული სფერო, რომელსაც უწყება შეამოწმებს 2012 წლის განმავლობაში.

წლის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ პალატის წლის საუკეთესო აუდიტორები და დასახელდა პალატის წლის საუკეთესო დეპარტამენტი.

No comments:

Post a Comment