Thursday, June 2, 2011

EUROSAI-ს კონგრესი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის) მე-8 კონგრესში, რომელიც ა.წ. 30 მაისიდან 3 ივნისამდე მიმდინარეობს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში. კონგრესის ორგანიზატორია პორტუგალიის საანგარიშო სასამართლო.

საქართველოს კონტროლის პალატა EUROSAI-ს წევრი 1993 წელს გახდა.

EUROSAI არის INTOSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის) ერთ-ერთი რეგიონალური გაერთიანება, რომელიც 1990 წელს დაარსდა და 50 წევრ ქვეყანას აერთიანებს.

კონგრესი არის EUROSAI-ს უმაღლესი ორგანო, რომელიც აერთიანებს აღნიშნული ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას და იკრიბება სამ წელიწადში ერთხელ. მისი უფლებამოსილებაა შეიმუშავოს სათანადო სახელმძღვანელოები, ჩამოაყალიბოს სხვადასხვა კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები, დაამტკიცოს EUROSAI-ს ბიუჯეტი, საქმიანობის ანგარიშები და ა.შ.

ამასთან, კონგრესი წარმოადგენს ფორუმს გამოცდილების გასაზიარებლად და აქტუალური საკითხების განსახილველად; კონგრესი შეიმუშავებს რეკომენდაციებს მმართველობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების ხელშესაწყობად.

საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევებსა და აქტუალურ პრობლემებზე ადექვატური რეაგირების მიზნით კონგრესზე განიხილება რამდენიმე ძირითადი თემა:

  • საჯარო მოხელეთა თანამედროვე გამოწვევები და მოთხოვნები;
  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოების როლი საჯარო ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულებაში;
  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოების მიერ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების აუდიტი.

კონგრესზე ასევე დამტკიცდება EUROSAI-ს 2011-2017 წლების სტრატეგია.

EUROSAI-ს სტრატეგიული მიზნები წარმოადგენს საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების ნიშნულს. უწყების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება სწორედ ამ მიზნებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

No comments:

Post a Comment