Thursday, November 24, 2011

აუდიტის შედეგები

საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაატარა ტუბერკულოზის მკურნალობის (ფთიზიატრიის) სახელმწიფო პროგრამის აუდიტი. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამას მართავს სახელმწიფო საწარმო - ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები, კერძოდ:

1. ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტებით მოსამარაგებლად, პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან.

ცენტრის ფინანსური დირექტორის ხელშეწყობით, აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულებებს უფორმებდნენ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში, ისე, რომ ეს კომპანიები ამ დროისთვის და შემდგომ პერიოდში სხვა რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.

2008-2011 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შესყიდვების 31%-ს აჭარბებს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებულთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად. ქირურგიული ოპერაციის ღირებულების 62% შეადგენს სამედიცინო მასალებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილია 4 174 ლარად. აღნიშნული მასალების რეალური ღირებულება კი არ აღემატება 1200 ლარს.

აუდიტით დადგინდა, რომ 2008-2011 წლებში აღნიშნული სამედიცინო მასალები გამოყენებულ იქნა ოპერაციების მხოლოდ 20%-ში. აღნიშნულის მიუხედავად, ძვირადღირებული სამედიცინო მასალის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულია ყველა ოპერაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ სამედიცინო მასალებს ცენტრი ყიდულობს ამავე ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელისაგან.ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 1 122 404 ლარი.

3. ტუბდისპანსერებში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების განთავსების საწოლდღეების ხელოვნურად გაზრდის შედეგად, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 99 400 ლარი.

ემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 357 759 ლარი.

აუდიტის მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მათ საფუძველზე გაატარებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

იხ. ვიდეო მასალა

No comments:

Post a Comment