Tuesday, May 31, 2011

შავი ზღვის ერთობლივი აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) მე-8 კონგრესის მუშაობაში.
30 მაისს აღნიშნულ კონგრესზე „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის პარალელური კოორდინირებული აუდიტის“ ერთობლივ ანგარიშს საქართველოს კონტროლის პალატისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
ერთობლივი აუდიტის მიზანი იყო საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ. ასევე, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენების კვლევა და მონიტორინგი; შავი ზღვის აუზის დაბინძურების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; დაბინძურების შემცირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება.
საქართველოს კონტროლის პალატა EUROSAI-ს წევრი 1993 წელს გახდა. კონტროლის პალატა წარმოდგენილია EUROSAI-ს გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფში და აქტიურ მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვითი აუდიტის მიზნით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში: „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტი“; აგრეთვე სემინარებში: „განახლებადი ენერგია, გარემოსდაცვითი აუდიტების ზეგავლენა"; „კლიმატის ცვლილების აუდიტი“ და სხვ.

No comments:

Post a Comment