Tuesday, April 19, 2011

NIK-ის დელეგაცია პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (NIK) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დელეგაციას NIK-ისა და EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორი ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იაცეკ იეჟიერსკი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის მიზანია კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების გაცნობა და პალატის ხელმძღვანელობასთან ერთად ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის განხილვა.

კონტროლის პალატაში ვიზიტის დასრულების შემდეგ იაცეკ იეჟიერსკი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც ვიცე-სპიკერს, მიხეილ მაჭავარიანსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: კონტროლის პალატისა და პარლამენტის ურთიერთობა, კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, საკანონმდებლო მხარდაჭერა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კონტროლის პალატის ურთიერთობის მნიშვნელობა, ბიუჯეტის დაგეგმარებაში კონტროლის პალატის ჩართულობა და კონტროლის პალატის როლი საჯარო ფინანსების მართვაში.


კონტროლის პალატის მიზანია, პოლონეთის წარმომადგენლობასთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის გზით, ევროპულ აუდიტორულ ორგანიზაციასთან გაააქტიუროს ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის კომპლექსური პროცესი, რომელიც პოლონეთში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, საქართველოში ახლახან დაიწყო. ასევე, პოლონეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების კუთხით, მათი გამოცდილების გასაზიარებლად და იმ რეფორმების ეფექტიანად გასატარებლად, რომლებიც იგეგმება საქართველოში.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით, საქართველოს კონტროლის პალატის მჭიდრო ურთიერთობებს პოლონეთისა და საერთო ევროპულ აუდიტორულ ორგანიზაციებთან განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.

No comments:

Post a Comment