Tuesday, June 14, 2011

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები


საქართველოს კონტროლის პალატამ დაასრულა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების აუდიტი. წინასწარი აუდიტის ფარგლებში დადგენილი ფინანსური და პროგრამული რისკების გათვალისწინებით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა მრავალმხრივი არსებითი დარღვევები და ნაკლოვანებები:
2008-2010 წლებში უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 311,3 მილიონი ლარიდან, დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურებაში გაიხარჯა მხოლოდ 164,5 მილიონი, რაც პროგრამების ჯამური ბიუჯეტის მხოლოდ 53 %-ს შეადგენს.
წლიურად დაზღვეული 808,0 ათასი უმწეო მოქალაქიდან დაზღვევით ისარგებლა მხოლოდ 13,8%-მა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული შემთხვევების 45.1 %-ის ღირებულება არ აღემატება 20 ლარს. შესაბამისად, რეალური ფინანსური რისკების დაზღვევის სიკეთით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 10 %-მა.
სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულება დროულად არ გაფორმებულა დაზღვეულთა 75 %-თან;
დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება.
პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი (430- ოჯახის წევრით), რაშიც გადახდილია 109,9 ათასი ლარი.
დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც ჯამში უკანონოდ გაიცა 3,7 მილიონი ლარი.
დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3,743 მოქალაქის ჩანაწერი. მათ დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი.
დაზღვეული 3,255 უმწეო პირი ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3,183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა 12 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატა განაგრძობს საჯარო დაზღვევაში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამების მართვის გასაუმჯობესებლად შესაბამისი უწყებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს.

იხ. ტელესიუჟეტები

No comments:

Post a Comment