Wednesday, September 8, 2010

ი.ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის აუდიტის შედეგები


აუდიტმა გამოავლინა დარღვევები, რომელიც სახელმწიფო სახსრებისა და ქონების არამიზნობრივ გამოყენებასა და ხარჯვას უკავშირდება, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს, კერძოდ:
1. ინსტიტუტი სამეცნიერო დანიშნულების 3000 ჰა მიწის ფართობიდან ამავე მიზნით იყენებდა მხოლოდ 15%-ს. დანარჩენი ფართობი გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობისათვის, ინსტიტუტის ხელმძღვანელთა პირადი ქონებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რისთვისაც მათ თვითნებურად გასწიეს 2664,8 ათასი ლარის არამიზნობრივი ხარჯი.
ინსტიტუტი ყოველწლიურად გამოუყენებლად აჩვენებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ასეულ ჰა მიწის ფართობს (საშუალოდ 250 ჰა), რომელიც გამოიყენებოდა პირადი ქონებრივი მიზნით.
2. ძირითადი კულტურების მიხედვით (ხორბალი, ქერი, შვრია და ა.შ.) მიღებულად ნაჩვენებია მოსავლის მხოლოდ 62 %. მიუღებელი სხვაობის (38%) საბაზრო ღირებულება შეადგენს 3 207, ათას ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს მოგების გადასახადის სახით დამატებით დააკლდა სულ მცირე 630,0 ათასი ლარი;
3. მოყვანილი კულტურების გაყიდვით მიღებული ამონაგები 746,5 ათასი ლარით ნაკლებია მინიმალურ საბაზრო ფასებზე;
4. ინსტიტუტი ეწევა მევენახეობასა და მეცხოველეობას, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობასთან, და იგეგმება ზარალით, რამაც 265,0 ათას ლარამდე შეადგინა;
5. ინსტიტუტს საგადასახადო ორგანოებში რიგ წლებში არ წარუდგენია ქონებისა და მოგების გადასახადის დეკლარაციები. დეკლარაციების წარუდგენლობითა და გადასახადის შემცირებით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 211,5 ათასი ლარი.
6. ინსტიტუტის კახეთის სადგურმა 2006 წელს 358,4 ათასი ლარით გაზარდა გამოქვითვები და, შესაბამისად, შეამცირა დასაბეგრი მოგება;
7. წესების დარღვევით იმართებოდა დებიტორულ დავალიანებები, უსაფუძვლოდ ჩამოიწერა 109,7 ათასი ლარის დავალიანება, ხოლო 85,9 ათასი ლარის დავალიანება საერთოდ არ ასახულა.
8. კანონმდებლობის დარღვევითაა განხორციელებული 2574,3 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვები.
9. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გაფორმებული ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, 26,7 ათას ლარამდე თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, მიმართულია ინსტიტუტის ანგარიშზე;
10. კახეთის სადგურის ხელძღვანელის მოადგილეს იჯარით აქვს აღებული მის დაქვემდებარებაში არსებული 275 მიწის ფართობი საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად, ჰა წლიურად 5 ლარის ოდენობით, რაც ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.
ინსტიტუტის ხელმძღვანელთა ჯგუფი მეცნიერების სახელის მიღმა, სახელმწიფო ქონების ხარჯზე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, რამაც 9891,4 ათასი ლარი შეადგინა.
აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ფლობა, თუნდაც აგრარული უნივერსიტეტის სისტემაში, სრულიად უმართებულოა და არ ემსახურება სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ინტერესებს, რის გამოც აუცილებელია მისი ლიკვიდაცია, სახელმწიფო საწარმოს დაფუძნება, ან ქონების განსახელმწიფოებრიობა.

No comments:

Post a Comment