Friday, March 12, 2010

რომელ ინვესტორებს ჩამოერთმევათ ობიექტები

სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციის შემდეგ ინვესტორთა მიერ ვალდებულებათა შესრულების გაკონტროლება ეკონომიკის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოცემულ საქმიანობაში კონტროლის პალატაც აქტიურად ჩაერთვება და სახელმწიფო საწარმოთა მფლობელ ინვესტორებს გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს კონტროლის პალატამ სახელმწიფო საწარმოთა აუდიტი ჩაატარა. აუდიტმა ცხადყო, რომ არსებული 1400 საწარმოდან დაახლოებით 320 მათგანი იყო მომგებიანი, დანარჩენები კი საერთოდ არ ფუნქციონირებდნენ, ანდა წელს ზარალით ასრულებდნენ. ამის შედეგად არაერთი საწარმოს მფლობელი იქნა სახელმწიფო საკუთრების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი, რასაც მათი დაპატიმრება მოჰყვა.
ძნელი სათქმელია, გამოიღებს თუ არა შედეგს კონტროლის პალატის საქმიანობა, ანდა რაოდენ მკაცრად გაკონტროლდებიან ინვესტორები. თავისთავად, საკითხის გარშემო არაერთი კითხვა გაჩნდა, რომლებზეც პასუხების მისაღებად კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ბატონ ლევან ბეჟაშვილს დავუკავშირდით:

- ბატონო ლევან, რომელ ინვესტორებს შეეხება კონტროლის პალატის შემოწმება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთა პრივატიზაციაც მომავალში მოხდება, თუ უკვე პრივატიზებული ობიექტების მფლობელებსაც?

- სამთავრობო დაწესებულებების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, საჯარო სიკეთისა და ფინანსების მართვის მონიტორინგი ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ამდენად პრივატიზაციისას ინვესტორთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების საქმიანობის შესწავლა მოხდება.

- კონკრეტულად რა ელით იმ ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ ან არ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს? მოხდება მათი დაჯარიმება თუ მათთვის გადაცემული ქონების ჩამორთმევა?

- ახალი მანდატით კონტროლის პალატა არ გახლავთ ის ორგანო, რომელსაც რაიმე სახის სანქციის გამოყენება შეუძლია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვალდებულებების შეუსრულებლობის დადასტურებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გახლავთ ის ორგანო, რომელსაც აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციო ხელშეკრულებების ნაწილს ასაიდუმლოებს. მათ შორის სახელდება თბილისის აეროპორტის თურქ ოპერატორთან `ტავ ურბან ჯორჯიასთან~, ჰოსპიტალური სექტორის მონაწილე კომპანია `ბლოკ ჯორჯიასთან~ და `კალა კაპიტალთან~ დადებული ხელშეკრულებები. აპირებს თუ არა კონტროლის პალატა ამ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების საკითხის შესწავლას?

- კონტროლის პალატა აუდიტს წარმართავს ყველა იმ მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის დაწყებამდე განვაცხადეთ საჯაროდ და რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; ამ პროცესში კი გარწმუნებთ პალატისთვის ხელმიუწვდომელი ინფორმაცია არ იარსებებს, ხოლო აუდიტის შედეგები კი, დადგენილ ფარგლებში საჯარო გახდება. მნიშვნელოვანი რესურსის პრივატიზება განხორციელდა თბილისს გარეთ, შედეგები კი ჯეროვნად არ არის გაანალიზებული ამდენად ჩვენს მიერ გაცხადებული პრიორიტეტის ფარგლებში უმთავრესად შევისწავლით საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პრივატიზების შედეგებს.

- როდის დაიწყება კონტროლის პალატის მიერ ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესწავლას?

- როგორც აღვნიშნე, ინვესტორთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დისკრეციაა, თუმცა ამ უფლებამოსილების განხორციელების ეფექტურობა ხვდება კონტროლის პალატის მანდატში. რამდენადაც ინფორმირებულნი ვართ სამინისტრო მიმართულებით პერმანენტულად მუშაობს, შედეგებზე კი ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ 20-მდე ინვესტორთან ხელშეკრულება გააუქმა, ამ უკანასკნელთა მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო. სამინისტროში, ჯერჯერობით, არ არსებობს სრული სია კონკრეტულად რამდენი კომპანია თუ ინვესტორი დაჯარიმდა და რა თანხით. ჩვეულებისამებრ, კომპანია რაიმე ობიექტს შემდეგში მასში ინვესტირების მოთხოვნით ყიდულობს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი ამას ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. ასევე, ხელშეკრულების დამრღვევი ინვესტორის მიერ საწყის ეტაპზე გადახდილი თანხა, ე.წ `ბე~ სახელმწიფოს რჩება. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ინვესტორების მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის საწინააღმდეგო სხვა ბერკეტები არ გააჩნია. კონკრეტულად თუ რა ცვლილებებს მოიტანს ამ საქმეში კონტროლის პალატის აქტიური ჩარევა, დრო გვიჩვენებს.
გასათვალისწინებელია, რომ 2010 წელს კონტროლის პალატას არცთუ ცოტა სამუშაოს შესრულება მოუწევს, რადგან პრივატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით ამ წელს გასაყიდად 300-მდე ობიექტს გაიტანენ. მთავრობა პრივატიზაციისგან წელს 14 მილიონის მობილიზებას ელოდება.

No comments:

Post a Comment