Friday, May 11, 2012

საქართველოს კონტროლის პალატამ პარლამენტს წარუდგინა მოხსენება საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.
მოხსენებაში განხილულია 2011 წლის განმავლობაში საბიუჯეტო სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები, აუდიტების და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და მათ გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
დადებითი ტენდენციები:
• ეკონომიკის ზრდა
- 2011 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2010 წელთან შედარებით 7% შეადგინა.
•ბიუჯეტის პარამეტრების პოზიტიური ცვლილება
-2011 წელს მიღებული შემოსულობების მაჩვენებელი მაქსიმალურია ბოლო ხუთი წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს შორის.
-შემოსულობებში კომპონენტების ხვედრითი წილების ცვლილება 2010 წელთან შედარებით დადებითი ტენდენციით ხასიათდება: გადასახადების ხვედრითი წილი 13%-ით გაიზარდა; ხოლო გრანტებიდან, კრედიტებიდან და საშინაო ვალებიდან შემოსული ფულადი ნაკადების ხვედრითი წილები თითქმის ორჯერ არის შემცირებული.
-სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდის ტემპი მშპ-ს ზრდის ტემპთან შედარებით ნაკლებია.
-მთლიან შიდა პროდუქტში კერძო ხარჯები მოხმარებაზე უპირატესი ტენდენციით ხასიათდება და შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 77,1%, მთავრობის ხარჯების ხვედრითი წილი კი - მხოლოდ 9,7%.
-ბოლო სამი წლის მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება. 2011 წელს დეფიციტმა 230,797 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ნახევარი მილიარდით არის შემცირებული (687,685 ათასი ლარით - 75%-ით).
- საოპერაციო სალდოს ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად გახდა დადებითი. ამის მიზეზია ერთის მხრივ შემოსავლების გაზრდა, (ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე), ხოლო მეორეს მხრივ მიმდინარე ხარჯების შემოსავლებთან შედარებით უფრო ნაკლები ოდენობით გაზრდა.
•საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი დასაშვებ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამორჩება
-საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი მაჩვენებლის 29%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ პარამეტრის მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს (60%-ს).
•ელექტრონული ტენდერების შედეგად წარმოიშვა დიდი ოდენობის ეკონომია
- 2011 წელს განხორციელებული ელექტრონული ტენდერების შედეგად ფაქტიურმა ღირებულებამ საშუალოდ 15%-ით დაიკლო სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით და შედეგად წარმოშობილმა ეკონომიამ 190,921.5 ათასი ლარი შეადგინა.
გამოვლენილი ხარვეზები:
•ფისკალური წლის ბოლოს არათანაბარზომიერი ხარჯვა
-გადასახდელების მაქსიმალური ოდენობა აღინიშნება დეკემბერში და საშუალო თვიურ გადასახდელებს ორჯერ აღემატება (639,425.5 ათასი ლარით). არსებული ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ მხარჯავი დაწესებულებები ფისკალური წლის ბოლოს მაქსიმალურად ითვისებენ დარჩენილ ასიგნებებს. თუმცა გარკვეულწილად ეს განპირობებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით, მიმდინარე წლის ვალდებულებების შესრულებით და ცალკეული უწყებების მიერ მომდევნო წლისათვის სტრატეგიული მარაგების შექმნით.
• წარმოქმნილი ეკონომიებით დაუგეგმავი ღონისძიებების დაფინანსება
-სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი დანაზოგით ხორციელდება დაუგეგმავი ღონისძიებების დაფინანსება.
•არაპირდაპირი გადასახადების ხვედრითი წილი დიდია
-არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი, საბაჟო) ხვედრითი წილი მთლიან საგადასახადო შემოსავლებში შეადგენს 60%-ს. საბიუჯეტო პროცესის სწორად წარმართვისათვის მიზანშეწონილია საგადასახადო ტვირთის მომხმარებელსა და ბიზნესს შორის შედარებით თანაბრად გადანაწილება.
• საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლების მართვაში არსებული ხარვეზები:
- 2011 წელს სსიპ-ების მიერ კანონმდებლობით ნებადართულმა შემოსავლებმა („საკუთარმა“ შემოსავლებმა)
– 648,207 ათასი ლარი შეადგინა, რაც მათ მიერ მთლიანად მიღებული შემოსავლების 35%-ია. სსიპ-ების ფულადი სახსრები განთავსებულია კომერციულ ბანკებში და არა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და შესაბამისად მთავრობას არ გააჩნია ანალიზის საშუალება, თუ რა ოდენობით არის სსიპ-ების სუბსიდირების საჭიროება ბიუჯეტის მხრიდან.
- საკუთარი შემოსავლების განაწილების რეგულაციის არარსებობა ვერ უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურად გამოყენებას.
• სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სახელმწიფო ქონების შექმნაზე, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის თანხები იხარჯება, შესაბამისად სახელმწიფო ქონების სწორი გამოყენება, მართვა და რეგულაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
-არაფინანსური აქტივების დიდი ნაწილი აღრიცხულია საბაზრო ფასებთან მნიშვნელოვნად განსხვავებული თანხებით, რაც საჭიროებს მათი რეალური ღირებულებით გადაფასებას.
-ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანიზაციების სარგებლობაში არსებული ქონების ბალანსზე აღურიცხაობის შემთხვევებს.
-სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის ქონების გადაცემისას, არ ხდება შესაბამისი ბუღატრული გატარებები, რის გამოც აღნიშნული ქონება ხვდება როგორც ქონების მიმღების, ასევე გადამცემის ბალანსებზეც, შესაბამისად ქონება ორმაგად არის აღრიცხული.
-ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული და ექსპლუატაციაში მყოფი შენობა-ნაგებობები, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
- ზოგიერთ შემთხვევებში, შესრულებული სარემონტო სამუშაოები განეკუთვნება კაპიტალურ რემონტს, რომლებიც ზრდის არაფინანსური აქტივების ღირებულებას, თუმცა ხდება მათი ხარჯებში ჩამოწერა.
- ზოგიერთ სამინისტროში აქტივებისა და ვალდებულებების სავალდებულო ინვენტარიზაციები ან საერთოდ არ ტარდება, ან ფორმალურ ხასიათს ატარებს, რათა არსებობდეს გარანტია აქტივების დაცვასა და აღრიცხული აქტივების ფაქტობრივად არსებობაზე.
რეკომენდაციები:
• გადასახდელების დაგეგმვა - საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადასახდელების დაგეგმვისას უმჯობესია მეტი კონტროლი დაწესდეს გამოყოფილი ასიგნებების ათვისებაზე მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებში, ნაცვლად სხვა ხარჯებისა.
• საგადასახადო შემოსავლების კლასიფიცირება - მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების ზუსტი პროგნოზირებისთვის, გამჭვირვალედ წარმოდგენისათვის და ეკონომიკური აქტივობის ობიექტურად შეფასებისათვის საჭიროა გაიმიჯნოს ნებაყოფლობით და საგადასახადო ადმინისტრირების შედეგად მობილიზებული შემოსავლები, რისთვისაც მიზანშეწონილია ცვლილება საბიუჯეტო კლასიფიკაციაში.
• შესყიდვებიდან წარმოქმნილი ეკონომიების გამოყენება - მიზანშეწონილია შესყიდვების დანაზოგების ხარჯვის დამატებითი რეგულირება, რომ უწყების მიერ შესყიდვის შედეგად დაფიქსირებული დაბალი ფასი იქცეს რეალურ ეკონომიად და მოხმარდეს სექტორის პრიორიტეტებს.
•სსიპ-ების „საკუთარი“ შემოსავლების აღრიცხვა-ანგარიშგება
- სსიპ-ების მიერ საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო მომსახურების/სერვისების გაწევის მიზნით მიღებული შემოსავლები ზუსტი და სრული მოცულობით უნდა აღირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
-სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების ანალიზისთვის და გამჭვირვალობისთვის რეკომენდირებულია სსიპ-ების მიერ მიღებული საკუთარი შემოსავლების, კომერციულ ბანკების ანგარიშებზე ასახვასთან ერთად, ხაზინის ერთიანი ანგარიშში აღრიცხვა.
• სახელმწიფო ქონების მართვის საკითხები
- სახელმწიფო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დიდი ნაწილი აღრიცხულია საბაზრო ფასებთან მნიშველოვნად განსახვავებული თანხებით, რაც საჭიროებს მათ რეალური ღირებულებით გადაფასებას.
-სახელმწიფო ქონების აღრიცხვის დუბლირების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის ქონების გადაცემისას მიზანშეწონილია შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლითაც ბუღალტრული გატარებები განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.
-სახელმწიფო ორგანიზაციებმა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მათ ბალანსზე არსებული და ექსპლუატაციაში მყოფი ქონების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად.
- სახელმწიფო კონსოლიდირებული ბალანსის შედგენისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად მთავრობამ უზრუნველყოს ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შემუშავება და მოდიფიცირებული დარიცხვის სისტემაზე გადასვლა.
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ნუსხა. აქედან გამომდინარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული ნუსხის დასრულება.
• საწარმოების პრივატიზაცია - სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების პრივატიზაციის პროცესი საჭიროა წარიმართოს ერთიანი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

No comments:

Post a Comment