Monday, February 20, 2012

ბრიფინგი კონტროლის პალატაში

დღეს, 20 თებერვალს, 13 საათზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური საქმიანობის კანონიერებაზე მონიტორინგის განხორციელებისას კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს მათ მიერ წარმოდგენილი წლიური საფინანსო დეკლარაციის სისრულე, სისწორე და კანონიერება. როგორც თქვენთვის ცნობილია, პოლიტიკურ პარტიებს ამოეწურათ წინა წლის საფინანსო დეკლარაციის წარმოდგენის ვადა და შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახორციელებს მათ შესწავლას.

პოლიტიკური გაერთიანების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა წარმოდგენილი წლიური საფინანსო დეკლარაცია აუდიტის დასკვნასთან ერთად. ფიზიკურ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობების შესწავლის შედეგად გვაქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით რამდენიმე პირის გამოყენების გზით. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე.

საქართველოს კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობის და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევთ წინადადებას, კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95.848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილ იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილი შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა.

მაგალითისთვის: მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“ 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12.000 ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით -1000 ლარი.

2012 წლის 6 თებერვალს, ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელისაგან“ პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40.000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი 4 წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20.000 ლარი პრემიის მიღებიდან 3 დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა.

სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას.

გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.

ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატისთვის პრიორიტეტულია სამართალდარღვევის პრევენცია, „ქართულ ოცნებას“ მივმართავთ წინადადებით, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნოს უკან შპს „ქართუ მშენებელს“.

No comments:

Post a Comment