Thursday, February 9, 2012

შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

2012 წლის 9 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის ახლად შექმნილი სამსახური წარუდგინა.

შეხვედრა დღის პირველს საათზე სასტუმრო Holiday Inn-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. სტუმრები გაეცნენ კონტროლის პალატაში რეფორმების შედეგად მიღწეულ წარმატებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური წარუდგინა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ კონტროლის პალატის ხედვა გააცნო. სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზნებს და ამოცანებს, გაწეულ საქმიანობას და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეულ შედეგებს, სამსახურის გეგმებს და პოლიტიკურ სუბიექტებთან ურთიერთობისთვის შემუშავებულ ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს.

<>აღინიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და დემოკრატიული პრინციპეპის დაცვით განახორციელებს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გაგება უზრუნველყოფილ იქნება გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე და არ მოხდება სამოქალაქო სექტორის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. არ შეიზღუდება სამეწარმეო, ბიზნეს საქმიანობა და საკუთრების უფლება.

საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა. აღინიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობის ეფექტურად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების უფრო დეტალურად გაცნობა და პრაქტიკული რეკომენდაციების გათვალისწინება, რის უზრუნველსაყოფადაც კონტროლის პალატის მხრიდან არსებობს მზაობა, სპეციალურად გამოყოფილი საკონტაქტო პირების მეშვეობით მოხდეს ინფორმაციის მიწოდება და მოსაზრებების გაცვლა.

შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიული იყო. დიპლომატების მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედების ირგვლივ, ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებით.

საქართველოს კონტროლის პალატა დიპლომატიურ კორპუსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.

იხ. ტელესიუჟეტები

No comments:

Post a Comment