Tuesday, January 3, 2012

ბრიფინგი პარტიების შესახებ


მიმდინარე წლის 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შედეგად, კონტროლის პალატამ შეიძინა დამატებითი ფუნქცია - განახორციელოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კონტროლის პალატაში ბრიფინგი გაიმართა. იხ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადება:

„დღევანდელი ბრიფინგის მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემას და საქართველოს კონტროლის პალატის როლს ამ სისტემაში.
მიმდინარე წლის 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის-გრეკოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა შესაბამისად ითვალისწინებს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმის შემოღებას.
ამ მიზნით, მონიტორინგის ორგანოს მანდატი მიენიჭა საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციას - კონტროლის პალატას, რაც აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა.
შესაბამისად, დღეიდან კონტროლის პალატა შეუდგება დამატებით ამ ახალი ფუნქციის განხორციელებას, რისთვისაც ჩვენს სისტემაში ვქმნით პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობას და პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულებას - კანონის წინაშე ყველა პარტიის თანასწორობის პრინციპის დაცვით.
ჩვენ ასევე მოწოდებული ვართ, ხელი შეუწყოთ პარტიებს თავისი ფინანსური საქმიანობის სწორად და კანონშესაბამისად წარმართვაში და ამ მიზნით მზად ვართ გაუწიოთ შესაბამისი კონსულტაციები. ჩვენთვის კონსტრუქციული ურთიერთობის ეს ფორმატი პრიორიტეტულია, ვინაიდან ჩვენი უპირველესი მიზანია პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და პოლიტიკური კორუფციის პრევენცია.
ამავდროულად, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც შეუსაბამობაში იქნება კანონის მოთხოვნებთან, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დაწყებული პროცესის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია კონტროლის პალატის ძალისხმევასთან ერთად სხვა სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლების და თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და თანადგომა. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას თანამშრომლობისკენ, რათა მოგვაწოდოთ ინფორმაცია კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე.
იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და მათთან დაკავშირებული პირები კეთილსინდისიერად შეასრულებენ ვალდებულებებს კანონისა და საზოგადოების წინაშე და ზედმიწევნით დაიცავენ მათი საქმიანობის საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.“

იხ. ტელესიუჟეტები

No comments:

Post a Comment