Friday, March 25, 2011

აგრარული უნივერსიტეტის აუდიტი


საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებული აუდიტის შედეგად მრავალმხრივი დარღვევები გამოვლინდა:

1. უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო და სამეურნეო პროექტები არ არის ორიენტირებული შედეგზე და არამიზნობრივად იხარჯება სახსრები:
2007-2009 წლების განმავლობაში უნივერსიტეტი 500 ჰა მიწის ფართობიდან 300 ჰა ფართობს უსარგებლოდ ფლობდა;
არ შესრულებულა 250.0 ათას ლარამდე ღირებულების სამეცნიერო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა:

- მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი და საინფორმაციო ცენტრის შექმნას;

- ხეხილისა და ვაზის საკოლექციო სასწავლო-საცდელი ნაკვეთების გაშენებას;

- ქუთაისის მეაბრეშუმეობის სადგურში სათბურის მოწყობას;

- უნიკალური ქართული ჯიშის ცხვრის სამეცნიერო კვლევას.

2. უნივერსიტეტში არაერთგზის დაირღვა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. შედეგად, ერთი მხრივ, ტენდერებში დაუსაბუთებლად გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომელთაც მაღალი ფასები წარმოადგინეს და მეორე მხრივ, ამავე კომპანიებმა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულეს:
უნივერსიტეტმა მეტალო-პლასტმასის ფანჯრების შესასყიდად 1 357.2 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს „ეკოთერმთან“, რომელმაც არაჯეროვნად შეასრულა 380.8 ათასი ლარის სამუშაო. კერძოდ, ფანჯრების ნაცვლად დამონტაჟებულია იაფფასიანი ვიტრაჟები. ტენდერიდან დაბალფასიანი კონკურენტის უკანონო დისკვალიფიკაციით უნივერსიტეტმა ზედმეტად გახარჯა 271.0 ათასი ლარი. ჯამში ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი 651.8 ათას ლარს აჭარბებს.
სატენდერო კომისიის მიერ ტენდერებში შეფასების კრიტერიუმების არასწორად შერჩევის გამო, გამაგრებითი სამუშაოებისა და გათბობის სისტემის ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლინდნენ კომპანიები, რომელთაც სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე მაღალი ფასის შემცველი წინადადება ჰქონდათ. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გაიხარჯა 267.4 ათასი ლარი;
ხუთმა კონტრაქტორმა კომპანიამ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ფაქტობრივ შესრულებასა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობებს შორის სხვაობის შედეგად ბიუჯეტიდან უკანონოდ გადახდილია 69.9 ათასი ლარი.
უნივერსიტეტმა უსაფუძვლოდ გახარჯა საბიუჯეტო სახსრები, რომელმაც სულ 94.2 ათასი ლარი შეადგინა.

3. უნივერსიტეტში მოუწესრიგებელია ფინანსური აღრიცხვა. არასწორად აღირიცხება უძრავი ქონება, მატერიალური ფასეულობები, სტუდენტთა დებიტორული დავალიანებები და სხვ.

აგრარული უნივერსიტეტის პასუხისმგებელ პირთა არაჯეროვანი ქმედებით არამიზნობრივად გაიხარჯა 1 010.9 ათასი ლარი.

იხ. ტელესიუჟეტები

No comments:

Post a Comment