Friday, March 2, 2012

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი



დღეს, 2 მარტს, 11 საათზე, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენინგი ეფექტიანობის აუდიტში, გადაეცათ სერთიფიკატები.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების ტრენინგი მიმდინარეობდა 2011 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. ტრენინგის ფარგლებში, სემინარებს უძღვებოდნენ გერმანიისა და მაკედონიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისების ექსპერტები.

აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება საქართველოს კონტროლის პალატაში შემუშავებულ ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოს და საერთაშორისო აუდიტორულ სტანდარტებს.

ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

No comments:

Post a Comment