Saturday, December 4, 2010

„ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის“ აუდიტი


საქართველოს კონტროლის პალატამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში „ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის“ (დიალიზის პროგრამის) ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტი 2007 – 2009 წლების პერიოდს მოიცავს.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მართვაში კონტროლის პალატამ გამოავლინა შემდეგი დარღვევები:
1. დიალიზის სეანსის ღირებულება, რომელიც 2009 წელს 90 ლარიდან 120 ლარამდე გაიზარდა, დადგენილია უსაფუძვლოდ, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე, რაც საბიუჯეტო სახსრების უკონტროლოდ და არამიზნობრივად ხარჯვას იწვევს, კერძოდ:
1.1. სამინისტრო კომპანია „ვია-ვიტასგან“ ყიდულობს ძვირადღირებულ სადიალიზე მასალას, რომლის ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი. საქართველოში აღნიშნული მასალის ღირებულება, რომელიც პროგრამის 80% ფარავს, 60%-ით აღემატება აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ფასებს;
1.2. მითითებული მასალის ფასები 100%-ით აღემატება პროგრამაში გამოყენებული შპს „ჯანის” მიერ მიწოდებული იდენტური ხარისხის მასალის ღირებულებას, რის გამოც ბიუჯეტმა 6 046.8 ათასი ლარით იზარალა;
1.3. ტენდერში გამარჯვებულ სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში ე.წ. დარგის განვითარებისა და არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოში არამიზნობრივად აუნაზღაურდათ 2 650.0 ათასი ლარი, რითაც სეანსის ღირებულება დამატებით ხელოვნურად გაიზარდა.
აუდიტის დასკვნით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დიალიზის სეანსის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს, რაც 40 ლარით ნაკლებია მოქმედ ფასზე. 2007-2010 წლებში აღნიშნული სხვაობით ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 14 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამ წლებში ბიუჯეტიდან პროგრამულად გაწეული ხარჯის 25%-ს შეადგენს.
პროგრამის დასაბუთებული დაანგარიშების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად დაზოგავს 6 მილიონ ლარს.

No comments:

Post a Comment